ახალი ამბები

შსს-ს ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებების ავტორები არასრულწლოვნები არიან

13 სექტემბერი, 2013 •
შსს-ს ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებების ავტორები არასრულწლოვნები არიან

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული პირია. 


“მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


შსს-ს ინფორმაციითვე, პოლიციამ რამდენიმე წუთში დაადგინა ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორის ვინაობაც. როგორც ირკვევა, 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორი მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული პირია.


“სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული პირია. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.”


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, რაც პირველ რიგში, მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს.

 

“შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს. ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და, შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა. შსს-ს მიერ შემუშავებული პროექტით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება ადეკვატური ღონისძიება ზემოთ აღნიშნული დანაშაულის პრევენციისათვის. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში განიხილავს”, – ნათქვამია შსს–ს 12 სექტემბრის განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი