ახალი ამბები

ხაბაძე: საჯარო მოხელის მხრიდან ღირსების შემლახავ საქციელს ჩვენი ხელისუფლება გმობს

12 სექტემბერი, 2013 •
ხაბაძე:  საჯარო მოხელის მხრიდან ღირსების შემლახავ საქციელს ჩვენი ხელისუფლება გმობს
“მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და აღვნიშნო, რომ ვგმობ საჯარო მოხელის მიერ ჟურნალისტების და სხვა მოქალაქეების მიმართ ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ განცხადებას. საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, ამიტომაც მისი ნებისმიერი სახის გამოხმაურება უნდა იყოს კორექტული. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი საბჭო სათანადოდ გამოიკვლევს გუშინ მომხდარ ინციდენტს და რეაგირებას მოახდენს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ინციდენტი მოსახლეობის და მედიის მხრიდან არ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების არსებული დამოკიდებულება მათ მიმართ. კონკრეტული საჯარო მოხელის მხრიდან ღირსების შემლახავ საქციელს ჩვენი ხელისუფლება გმობს და ემიჯნება.”


“ბათუმელებში” გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელიც ეხებოდა “ბათუმობის” დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან 240 249 ლარის დახარჯვას, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომელმა, კობა ადეიშვილმა თავისი უკმაყოფილება სოციალური ქსელით ღიად გამოხატა. მან გაზეთ “ბათუმელების” მიმართ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარები გააკეთა. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის ლინკს აზიარებდა და წერდა:

„რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო…ნთ პატრონი“.

 

შემდგომ დიალოგში უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთს და ჟურნალისტები ქვეყნის მტრად მოიხსენია. ჩინოვნიკი, ასევე, ღირსების შემლახავი გამონათქვამებით და სიტყვებით მოიხსენიებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სექსუალურ უმცირესობებს.

 

დღეს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ბიძინა ივანიშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის ზემოხსენებული უცენზურო კომენტარის შესახებ დაუსვა კითხვა, რომელიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული:

 

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა გავარკვიოთ, ამ კონკრეტულ პიროვნებას რა თანამდებობა აქვს, შეიძლება აპარატის თანამშრომელია, რაღაც გააკეთა და მთელ მთავრობაზე ეს არ უნდა გავავრცელოთ. კონკრეტულ ჩინოვნიკს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ არ განვაზოგადოთ, რამეთუ დამოკიდებულება მე ძალიან კარგად ვიცი აჭარის მთავრობის მეთაურის”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

 

ამის შემდეგ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზემოთ აღნიშნული განცხადება გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი