ახალი ამბები

შსს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

12 სექტემბერი, 2013 • • 1249
შსს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

“შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს. ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და, შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.

 

შსს-ს მიერ შემუშავებული პროექტით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება ადეკვატური ღონისძიება ზემოთ აღნიშნული დანაშაულის პრევენციისათვის. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში განიხილავს”, – ნათქვამია შსს–ს დღევანდელ, 12 სექტემბრის განცხადებაში.

 

შსს–ს განცხადებას დღეს წინ უძღოდა სამი ცრუ შეტყობინება – ერთი ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან და 2 – ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიებში ბომბი იყო, რომელიც მალე აფეთქდებოდა. შედეგად, ორივე ტელეკომპანიიდან მოხდა თანამშრომელთა სრული ევაკუაცია.

 

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ამავე მიზეზით სამართალდამცველებმა პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას გამოაცხადეს შენობის ევაკუაცია. შეტყობინება ბომბის შესახებ ამ შემთხვევაშიც ცრუ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი