ახალი ამბები

შსს–მ “იმედთან” დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორიც დააკავა

12 სექტემბერი, 2013 •
შსს–მ “იმედთან” დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორიც დააკავა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დღეს, 12 სექტემბერს, 13:35 საათზე მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები,მესანგრეები და კინოლოგები გამოცხადდნენ.

 

სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.

 

მესანგრეების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ანალოგიური ზარი განხორციელდა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან დაკავშირებითაც. ორივე ზარის ავტორი დაკავებულია. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსისს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი