ახალი ამბები

ომბუდსმენი: ბათუმის საკრებულოს წევრი სექსისტურ სტერეოტიპებს ავრცელებს

15 თებერვალი, 2018 • 1943
ომბუდსმენი: ბათუმის საკრებულოს წევრი სექსისტურ სტერეოტიპებს ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი არჩილ მამულაძე გენდერულ სტერეოტიპებს ავრცელებს.

ომბუდსმენის განცხადებით, საჯარო პირის, განსაკუთრებით კი, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.

მისი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს.

“განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრ არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას.

ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა არჩილ მამულაძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.

არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი