ახალი ამბები

ქუთაისის მერია გაფიცული მძღოლების მოთხოვნებზე განმარტებას აკეთებს

11 სექტემბერი, 2013 • • 1392
ქუთაისის მერია გაფიცული მძღოლების მოთხოვნებზე განმარტებას აკეთებს

ლომიძე აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი საქალაქო ხაზი მოსახლეობის მოთხოვნის გამო დაამატეს:

 

“თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა მოითხოვს ერთი მგზავრობით, ტრანსპორტის გამოუცვლელად გადაადგილდეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ ამისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია შესწავლილი იქნას მგზავრთა ნაკადი. მგზავრთა ნაკადის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება მოქმედი მარშუტების ეფექტიანობის ხარისხი. შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელიმე არსებული მარშრუტის გაგრძელების შესახებ.”

 

მისივე თქმით, ხაზების გადაფარვა არ უნდა მოხდეს და მოსახლეობისა და მძღოლების ინტერესი ერთობლივად უნდა დაკმაყოფილედეს:

 

“ვმუშაობთ ამ საკითხზე. მე დღეს შევხვდი მოსახლეობას, განვუმარტე მათ, რომ დრო მჭირდება დეტალების მოსაგვარებლად. შესაბამისად, სპეციალისტები მოვიწვიე ჩემთან და მეტნაკლებად გავიარეთ ეს თემა. ამ ეტაპზე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მე პირადად მისაღებად მიმაჩნია დაგრძელდეს მოქმედი მარშრუტების ხაზი. რომელი კომპანიაც გამოთქვამს თანხმობას, იმასთან გვექნება ჩვენ ურთიერთობა. მესმის იმ მოსახლეობის, რომელიც ხაზის დამატებას ითხოვს, მაგრამ ახალი ხაზების დამატება აღიზიანებს მძღოლებსაც და მათი ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული.”

 

ლომიძე აცხადებს, რომ ის ხაზი, რომელიც რამდენიმე დღე მოქმედებდა, უკვე გაუქმდა:

 

ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე
ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე

“იმიტომ, რომ ამ ხაზმა, ფაქტობრივად, შექმნა პრობლემები, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული“.

 

ქუთაისში შიდასაქალაქო ხაზებზე მომუშავე ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი დღეს გაიფიცა. 

 

მძღოლებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მერიის წინ ჰყავთ დაყენებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გაფიცულები ახალი საქალაქო ხაზების გაუქმებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მგზავრთა ნაკადმა მოიკლო:

 

“ვეღარ ვმუშაობთ. ორი კვირის წინ დაგვპირდნენ არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად პარალელური ხაზები გაგვიხსნეს. თავისთავად ამის გამო მგზავრთა ნაკადმა მოიკლო და ვეღარ ვმუშაობთ. იმდენი მგზავრი აღარ ამოდის, რომ საწვავი ჩავასხათ, ავტობუსს მოვუაროთ, ოჯახში ფული მივიტანოთ. ამ წუთში ჩვენ ამ ხაზების გაუქმებას მოვითხოვთ. ჩვენ ხელფასი საერთოდ არ გვაქვს, ყოველდღიურ გამომუშავებაზე ვართ დამოკიდებული. თუ ვინმეს უშლის ახალი ხაზი ხელს, ყველა აქაა. ბაკისუბანზე მომუშავე ყველა მძღოლი აქ არის,” – ამბობს #1 ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლი ნოდარ ხურციძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი