“მინდა, მე თვითონ გავცე პასუხი იმ უცნაურ კამპანიას, რომელიც უკავშირდება მთავრობის მცდელობას, რომ გაყიდოს საფრანგეთიდან ნაყიდი სამი ევროკოპტერი, რომელიც დგას თბილისში და რომელიც არის შეიარაღებული ძალებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ საფრენ აპარატებს თავის დროზე სამოქალაქო დანიშნულება იმისთვის განესაზღვრათ, რომ თავიდან აეცილებინათ გართულებები რუსეთის მხრიდან. პრეზიდენტმა წარმოადგინა ამონარიდები რუსული პრესიდან, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ემუქრებოდა მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს სანქციებით იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მიყიდდნენ ამ აპარატებს:
“როდესაც ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი დაემუქრნენ საფრანგეთს სანქციებით, რომ თუ საქართველოს მისცემდნენ ისინი ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შემოუშვებდნენ რუსეთში. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ მივეცით სამოქალაქო სახე. რომ გვაჩვენებენ, რომ სამოქალაქო იყო, სასეირნოდ უნდოდა, თავისთვის უნდოდა, საკატაოდ უნდოდა სააკაშვილსო, ცრუობს მთავრობა. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები და სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი. ჩამოვიდა და კიდევ ორის ყიდვის საშუალება გვაქვს, უამრავი სათადარიგო ნაწილებით, მფრინავების მომზადებით”.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ჩართული ამ ვერტმფრენების ყიდვაში:
“ისევე როგორც მაშინდელი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი და მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები, მოდი, გავარემონტოთ რუსული. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და დაჯდება ძალიან ძვირი. ახლა ეს ვერტმფრენები ჩამოვიდა და ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას, მათ შორის ვიღაც პეტერბურგელ ბიზნესმენთან, რომ ის ვერტმფრენები, რომლებიც სიმწრით გამოვგლიჯეთ, რუსეთის მუქარების მიუხედავად, საფრანგეთს, ისევ გაყიდოს საქართველომ. კაცო, რამე ახალი შემოიტანეთ და ახალი ააშენეთ, რა დანგრევაზე და გაყიდვაზე გაქვთ სულ თვალი?! საქართველოს ახლა ჰაერივით ჭირდება ვერტმფრენი. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა, ახლა ვიყავი მთაში, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არა ჰყავს, რომელიც ავა და, მაგალითად, გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს ან პოლიცის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამ ერთადერთ შანსსაც გვართმევენ. ბარემ მაშინ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი. რაღაზე გვქვია ჩვენ საქართველოს მთავრობა?!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვის გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია 9 სექტემბერს არ დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ:
„ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ჩვენ ვავითარებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყოს, როგორც პრეზიდენტი, ასევე, თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენი ამოცანაა გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის საფრენი აპარატები“.
თუმცა გუშინ, 10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთავრობა მართლაც აპირებდა ამ ვერტმფრენების გაყიდვას:
“სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. რეალიზაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმ ფასად, რა ფასადაც იქნა შეძენილი. საბოლოო ჯამში, თუ ვერტმფრენები არ გაიყიდება, ჩვენ იმხელა ფასდაკლების გაკეთებას არ ვაპირებთ, რომ ამით ქვეყანას ზარალი მიადგეს. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვერტმფრენებს ამ ფასად, ალბათ, არ შევიძენდით. სასაზღვრო ძალებისა და ასევე შიდა მოხმარებისთვის უფრო დაბალფასიანი გაცილებით მეტი ვერტმფრენის შეძენა შეიძლება. ეს არის, რაც ჩვენ დაგვხვდა და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ამ ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით მოვიხმართ.”
ევროკოპტერი სუპერ პუმა ფრანგული წარმოების ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის და მისი საცალო ფასი 15-დან 18 მილიონ დოლარამდეა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს, ასევე, გამოეხმაურა თვითმფრინავის თემას, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი დაფრინავდა და დღეს, მისივე თქმით, ამით საქართველოს პრემიერი სარგებლობს:
“გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდა ატეხილი ივანიშვილს და სხვებს იმ თვითმფრინავით, რომლითაც მე დავფრინავდი. თვითონაც ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში, დაფრინავს ყველა ოფიციალურ ვიზიტზე და ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა თუ როგორ არის? და ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებეთ თავი იმას, რაც არის და გააკეთეთ რამე ახალი. გააგრძელეთ უკეთესის შექმნა, უკეთესის შენება და შემოტანა. ეს ჩემი რჩევა მათთან.”
აღნიშნულ საკითხზე გუშინ განმარტება გააკეთა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის იგივე შინაარსის განცხადებას უპასუხა:
“ანდრო ბარნოვმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაფრინავს იმავე თვითმფრინავით, რითაც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა და თითქოს ეს თვითმფრინავი, თავის დროზე, შეისყიდა საქართველოს პრეზიდენტმა. ბატონი ბარნოვის განცხადება კვლავ აგებულია მცდარ ინფორმაციაზე და არ შეესაბამება სიმართლეს. თვითმფრინავი, რომელზეც საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, არის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ საკუთრება და მის მომსახურებას ეწევა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი“. ამ თვითმფრინავით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს. მინდა განვმარტო, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოური კომპანიების მომსახურებით და სხვა თვითმფრინავით სარგებლობს. თანაც ის ამ მომსახურებას იღებს საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. რაც შეეხება თვითმფრინავს, რომელზეც განცხადებაში მიანიშნა ბატონმა ბარნოვმა, ამ თვითმფრინავით სარგებლობა პრემიერ-მინისტრს, როგორც კერძო პირს, მხოლოდ ორჯერ მოუწია და ამ მომსახურების ღირებულებაც დაფარა საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე“.
