ხანგრძლივი პაემნისთვის გაკეთებულ ოთახებში შეტანილია შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. ხოლო თავად პაემანი 24 საათს გრძელდება. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქუთაისის ციხეში არასოდეს ყოფილა გრძელვადიანი პაემნის ოთახი:
“ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ რესოციალიზაციისთვის იმიტომ, რომ პატიმარი არ მოწყდეს გარემოს, არ მოწყდეს ოჯახს, არ მოწყდეს სოციალურ გარემოს და ჰქონდეს იგივე შვილებთან, მეუღლესთან ურთიერთობის საშუალება. დღეს გაიხსნა პირველად, 4 ოჯახი არის უკვე შესული და სამოცამდე განცხადებაა შემოსული იმ ადამიანებისგან, ვისაც პაემნით სარგებლობის სურვილი აქვს. ეს არის ზოგადად ჰუმანიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.”

მისივე განმარტებით, საქართველოში დაახლოებით 7 დაწესებულებაში არის გრძელვადიანი პაემნის სერვისი და მალე სხვა ციხეებშიც გაკეთდება:
“ბათუმის ციხე დახურულია დროებით, ბათუმში არასოდეს არ ყოფილა, იქაც მალე გაიხსნება და იქ იქნება გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნების ოთახი. რუსთავის მეთექვსმეტე დაწესებულებაში, სადაც ახლა რემონტია, იქ ნახევრად ღია ტიპის, მაგრამ უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულება იქნება და საერთოდაც, იქ ოროთახიანი გრძელვადიანი პაემნის ოთახი კეთდება, იმისათვის, რომ ბავშვებს ცალკე შეეძლოთ ყოფნა და მშობლებს ცალკე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იყოს მორგებული ადამიანის საჭიროებაზე.”
მისივე სიტყვებით, ამის პარალელურად იქნება გაცილებით უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები, სადაც ადამიანებს მსგავსი სერვისით სარგებლობა არ შეეძლებათ:
“მათ არ ექნებათ არათუ გრძელვადიანი პაემანი, არამედ მოკლევადიანი პაემნებით სარგებლობაც კი შეზღუდული იქნება, იმისათვის, რომ პატიმარმა თვითონ განსაზღვროს, რა ურჩევნია და შესაბამისად მოიქცეს. ვინც დაემორჩილება კანონს, ვინც არ დაარღვევს კანონს, ყველანაირი ხელშეწყობა იქნება გათვალისწინებული და იქნება სრულიად საპირისპირო ტიპის დაწესებულებებიც.”
პატიმარი გ. თ. რომელიც ხანგრძლივი პაემნით უკვე სარგებლობს, ამბობს, რომ ახლა უკეთესი მდგომარეობაა ციხეში, ვიდრე – ადრე:
“წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესია, ბევრად გაუმჯობესებულია მდგომარეობა. უფრო მეტი ყურადღებაა ადმინისტრაციის მხრიდან. წინა წლებს ბევრად სჯობს. შვილთან და ცოლთან ვიმყოფები აქ და საბოლოოდ ერი გამრავლდება. ბევრს მიეცემა საშუალება, რომ გამოვლენ ციხიდან, იყვნენ ჩართულები.”
ხანგრძლივი პაემნის დასანიშნად მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ორი კვირით ადრე წერილობით უნდა მიმართოს. პაემანზე დაიშვება ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება ერთი არასრულწლოვანი ახლდეს. გარდა ამისა, მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ასევე 2- წახალისების სახით.
რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, ისინი წელიწადში 3 ხანგრძლივი პაემნით ისარგებლებენ, ხოლო წახალისების ფორმით – 2 დამატებითი პაემნით.
ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემანი სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში მოქმედებს. ესენია, რუსთავის #6 დაწესებულება, არასრულწლოვანთა #11, გეგუთის #14 დაწესებულება, ქსნის #15, რუსთავის #17.

