“სასახლე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სოციალურ ადმინისტრაციულ ორგანოს, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მიზნად დასახული ამოცანების განხორციელებას – საგანმანთლებლო გარემოს, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის, პედაგოგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწაყვეტილება, სასახლეში სასწავლო პროცესში შემოღებულ იქნას მშობლის მხრიდან თანადაფინასების პრაქტიკის დანერგვა, რაც შემდგომში გააუმჯობესებს და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს ზემოთ მითითებული პრობლემების მოგვარებას. ვითვალისწინებთ რა დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას, მშობლის მხრიდან თანადაფინანსებით გაღებული თანხა იქნება სიმბოლური,”- აღნიშნულ განცხადებას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სასახლის დირექტორის 2 სექტემბრის ბრძანებით, მოსწავლის წლიური სარეგისტრაციო საფასური 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ფასიანი ჯგუფის არჩევის შემთხვევაში კი, სარეგისტრაციო მოსაკრებელი – წლიურად 20 ლარი იქნება.
მოსაკრებელი არ გავრცელდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახებზე, ასევე, ომის მონაწილეთა შვილებზე. შეღავათები გავრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზეც, იმ ოჯახებზე, სადაც ერთზე მეტი ბავშვი დადის სასახლეში და ა.შ.
“გათვალისიწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების, ავღანეთის, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახის შვილების ინტერესები და მათთვის როგორც რეგისტრაცია, ასევე სწავლება არის სრულიად უფასო,”- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბრძანების მიხედვითვე, ფასიან წრეებად განისაზღვრა, ქორეოგრაფიული სტუდიები, (ქართული ცეკვა, სამეჯლისო ცეკვა, ბალეტი – 50 ლარი); ვოკალისტთა წრეები, ხალხური საკრავები – 30 ლარი, გიტარის შემსწავლელი წრე – 40 ლარი, ხატვა -30 ლარი, კალათბურთი 40- ლარი, ჭადრაკი -40 ლარი და ა.შ.
დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით, მხოლოდ სახელოვნებო და სპორტული დისციპლინები იქნება ფასიანი, ყველა სხვა დისციპლინის სწავლება რჩება უფასო.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მისთვის დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სახელმწიფო მოსწავლე ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის მათი ინტელექტუალურ, პატრიოტულ, გონებრივ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციური განვითარებაზე ზრუნვის, ასევე მათ შემოქმედებითი, სულიერი და სპორტული პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით,”- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ცვილებებთან დაკავშირებით.





