უმრავლესობის წევრები აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას წინასაარჩევნი პიარ- სვლად აფასებენ, უმცირესობის წევრები კი ამ ინიციატივაზე კომენტარის გაკეთებასაც ზედმეტად მიიჩნევენ.

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად,  “თავისუფლების ქარტიაში” უნდა შევიდეს ტერმინები- ტოტალიტარული და ავტორიტარული, ხოლო კანონის მე–9 მუხლს უნდა დაემატოს ერთი პუნქტი და ამავე კანონის მე–8 მუხლში ჩამოთვლილი თანამდებობების დაკავება, რომელთა შორისაა მთავრობის წევრის, მინისტრების, მოადგილეების და ა.შ. თანამდებობები, არ უნდა შეეძლოთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირებს.

როგორც უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, ამ კანონპროექტს პერსპექტივა არ აქვს:

 

“ეს არის პიარ- სვლა, არავითარი პერსპექტივა ამ კანონს არ აქვს, პირადად მე ასე ჰაიჰარალეზე კანონპროექტს მხარს დავუჭერ თუ არა, ვერ ვიტყვი, რადგან კანონპროექტი უნდა წავიკითხო, თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ კობა დავითაშვილი ახლა ერთდროულად საპრეზიდენტო კანდიდატიც იქნება, კანონშემოქმედიც და თავის სასარგებლოდ ან თავის საწინააღმდეგოდ კანონებს შემოიღებს, ეს არის, უბრალოდ, ჩვეულებრივი პიარ- სვლა, რაიმე სერიოზული კავშირი კანონშემოქმედებასთან მას არ აქვს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია ასევე მიიჩნევს, რომ კობა დავითაშვილის მიერ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება:

 

“ეს არის აბსოლუტურად გამიზნული სვლა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მას სურს თემა აწიოს იმით, რომ ის არავითარ კოჰაბიტაციაში არ შედის ნაციონალურ მოძრაობასთან და ა.შ. და ის ებრძვის, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. ამას ებრძვის ქართული ოცნებაც, მაგრამ ამ ბრძოლამ არ უნდა მიიღოს დაუსაბუთებელი და უსამართლო ხასიათი, რასაც თავისი არსით ებრძვის “თავისუფლების ქარტია”, – აცხადებს კორძაია. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი სამართლებრივადაც გაუმართავია:

 

“როდესაც შემოგაქვს ცნებები ტოტალიტარული და ავტორიტარული, კანონში უნდა იყოს განმარტება, რა მოიაზრება ამ კანონისთვის ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებში და არა სამართლებრივ–თეორიული განმარტებები. ვიღაცას მოუნდეს და ნაციონალური მოძრაობა ჩათვალოს ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმად, ეს ასე არ ხდება, ამას სჭირდება დასაბუთება. უნდა დავამტკიცოთ მაშინ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი იდეოლოგია, ისევე როგორც ფაშიზმი და ისევე როგორც კომუნისტურ–ტოტალიტარული რეჟიმი, იყო ტოტალიტარული თუ ავტორიტარული. მე რაღაც არ მახსოვს და არ წამიკითხავს არსად, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავის პოლიტიკურ დოკუმენტებში, წესდებაში ეწეროს, რომ მისი მიზანია დაამყაროს ტოტალიტარული და ფაშისტური რეჟიმი ამ ქვეყანაში”, – აღნიშნავს თამარ კორძაია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ კობა დავითაშვილს ყოველთვის ახასიათებდა პოპულისტური და არაფრისმთქმელი ინიციატივებით გამოსვლა:

 

“ეს არის სრული სისულელე, ბატონი კობას მოსაზრებებს თვითონ უმრავლსობა არ უყურებდა სერიოზულად და ამიტომ მოუვიდათ კონფლიქტი, იმდენად პოპულისტი და არაფრისმთქმელი იყო, და რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს საყვარელიძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *