ახალი ამბები

ქუთაისში ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

11 სექტემბერი, 2013 • • 1213
ქუთაისში ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

მძღოლებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მერიის წინ ჰყავთ დაყენებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გაფიცულები ახალი საქალაქო ხაზების გაუქმებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მგზავრთა ნაკადმა მოიკლო:

 

“ვეღარ ვმუშაობთ. ორი კვირის წინ დაგვპირდნენ არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად პარალელური ხაზები გაგვიხსნეს. თავისთავად ამის გამო მგზავრთა ნაკადმა მოიკლო და ვეღარ ვმუშაობთ. იმდენი მგზავრი აღარ ამოდის, რომ საწვავი ჩავასხათ, ავტობუსს მოვუაროთ, ოჯახში ფული მივიტანოთ. ამ წუთში ჩვენ ამ ხაზების გაუქმებას მოვითხოვთ. ჩვენ ხელფასი საერთოდ არ გვაქვს, ყოველდღიურ გამომუშავებაზე ვართ დამოკიდებული. თუ ვინმეს უშლის ახალი ხაზი ხელს, ყველა აქაა. ბაკისუბანზე მომუშავე ყველა მძღოლი აქ არის,” – ამბობს #1 ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლი ნოდარ ხურციძე.

 

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნესტორ კეპულაძე და მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე. ლომიძემ ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრა. ამჟამად მძღოლები მოლაპარაკებას მასთან მართავენ. პარალელურად საპატრულო პოლიცია გაფიცულებს სატრანსპორტო საშუალებების ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გაყვანას მოუწოდებს. 

 

თავის მხრივ, მძღოლების ნაწილი კეპულაძის გადადგომას მოითხოვს.

 

“ამ ადამიანის მოსვლის შემდეგ ისედაც არეული ტრანსპორტის სფერო უარესად აირია. მთელი სამსახური არის შესაცვლელი, რადგან ისინი ერთი გუნდია,” – ამბობს #22 საქალაქო ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლი, რამაზ ეგუტიძე.


საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნესტორ კეპულაძე აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, მერია მძღოლებთან ანგარიშვალდებული არაა:


“მერიის ტრანსპორტის სამსახურს მძღოლების წინაშე არანაირი იურიდიული ვალდებულება არ აქვთ და ეს გადამზიდი კომპანიების ვალდებულებაა, რომელთანაც მერიას ხელშეკრულება აქვს დადებული. თუკი გაფიცვას არ შეწყვეტენ, მიმართონ სასამართლოს.”


ქუთაისში მძღოლების გაფიცვა 9 სექტემბერს დაიწყო. ამ დღეს მხოლოდ #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ. 


“არაფერი გვკითხეს, ისე გახსნეს ახალი ხაზი. რას ვშვრებით, როგორ ვართ, როგორ ვმუშაობთ, არავინ გვკითხა. ახალი ხაზების დამატებით ჩვენზე ზეწოლა ხდება. თუ ახალი ხაზის მოთხოვნაა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ბევრი ხაზია ისედაც და შეიძლებოდა გადანაწილებულიყო და მარშრუტი დაგვეგრძელებინა. ჩვენ თვეში 12-12 დღე ვმუშაობთ. ცდილობენ ავტობუსის მძღოლები შეგვავიწროვონ,” – ამბობს ამირან ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი