ახალი ამბები

სტურუას თხოვნით, ოდიშარიამ რუსთაველის თეატრის დირექტორად დავით საყვარელიძე დანიშნა

10 სექტემბერი, 2013 •
სტურუას თხოვნით, ოდიშარიამ რუსთაველის თეატრის დირექტორად დავით საყვარელიძე დანიშნა

“მე დღეს ხელი მოვაწერე მის დანიშვნას. ბატონმა რობიკომ წერილი გამომიგზავნა თხოვნით, რომ უნდა ეს კაცი გახდეს თეატრის დირექტორი, ენდობა მას. ჩვენ ვენდობით ბატონ რობიკოს, ვიცით ასევე, რომ პროფესიონალია დათო საყვარელიძე,”- განაცხადა გურამ ოდიშარიამ რუსთავი 2-თან საუბარში. 

 

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან საყვარელიძის გათავისუფლების მიზეზი მმართველობაში დაშვებული ხარვეზები გახდა. 

 

“რაც მარტო დათოს გამო არ იყო გამოწვეული. იყო გამოწვეული იმით, რომ ცოტა ნერვული სიტუაცია შეიქმნა მაშინ ოპერაში. ფაქტობრივად, მაშინ ჩვენ ის არ გაგვითავისუფლებია, თვითონ დათომ დაწერა განცხადება და წავიდა,”- აცხადებს ოდიშარია. 

 

თავად დავით საყვარელიძე, რომელიც ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2004 წლიდან მიმდინარე წლის იანვრამდე იკავებდა, ამ ეტაპზე უარს აცხადებს შეთავაზებაზე. 

 

“მიხარია, რომ ბატონმა რობერტ სტურუამ ღირსეულად შეაფასა ჩემი გამოცდილება, შესაძლებლობები და სამინისტროს ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს თანხმობის მიცემა, ჩამოვალ საქართველოში ოქტომბერში და შევეცდები გავერკვე სიტუაციაში,” – განუცხადა რუსთავი 2-ს საყვარელიძემ.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი უარის თქმას ამ თანამდებობაზე, საყვარელიძემ უპასუხა, რომ ალბათ უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე.

 

დავით საყვარელიძემ ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობა მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. ოპერის თეატრის ყოფილმა მმართველმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 23 იანვარს დაწერა. დავით საყვარელიძემ მაშინ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილემ მას სთხოვა თანამდებობის დატოვება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი