საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ამბობს, რომ “უნდა დაველოდოთ” აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოძიების შედეგებს.
მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ ის ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ერთობლივად გაიტაცეს.
აფგან მუხთარლი ახლობლების ორმოცზე დასასწრებად აზერბაიჯანის ციხიდან 2 დღით დროებით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან თქვა, რომ მის გატაცებაში გიორგი კვირიკაშვილი ან ბიძინა ივანიშვილი იყვნენ ჩართული.
“ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პარლამენტი ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს დიდი იმედი, რომ ამ საქმეს საბოლოოდ მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენელი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება”, – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ მუხთარლის დღევანდელი განცხადება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.