ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლი: ჩემს გატაცებაში კვირიკაშვილი თუ არა, ივანიშვილი მაინც იქნებოდა ჩართული

9 თებერვალი, 2018 • 5671
აფგან მუხთარლი: ჩემს გატაცებაში კვირიკაშვილი თუ არა, ივანიშვილი მაინც იქნებოდა ჩართული

აზერბაიჯანის ციხიდან 2 დღით გათავისუფლებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან ბაქოში გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს, ნეტგაზეთთან საუბარში მისი გატაცების დეტალებს იხსენებს:

“ჩემი გამტაცებლები სამოქალაქო ჩაცმულობაში იყვნენ. ეს ჩაცმულობა განსხვავებულია. ოთხივეს ერთნაირად ეცვა და ვინც ერკვევა, მიხვდებოდა, რომ ეს კრიმინალური პოლიცია იყო. ისინი ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ, თუმცა, ძალიან ცოტას. მე რუსულად მელაპარაკებოდნენ, ქართული აქცენტით. ერთ მომენტში ჩვენი მანქანანა გზიდან გადავიდა და ერთ ადგილას გააჩერდა, ტომარა ჩამომხსნეს თავიდან. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა ჰქონდათ განზრახული, რადგან დანა ეკავათ ხელში. ვუთხარი, დანით არ მომკლათ-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ და არც რამეს დამიშავებდნენ. მერე ისევ თვალახვეული მივყავდი, თუმცა, ვხვდებოდი, რომ ისინი გამუდმებით არღვევდნენ საგზაო წესებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მანქანა პოლიციას კანონდარღვევებისთვის არ გაუჩერებია “.

მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშუალოდ იყო ჩართული, თუმცა, კითხვაზე, რა არგუმენტები აქვს და რატომ არის ამაში ასე მყარად დარწმუნებული, ამბობს:

“ყველაფერი წინასწარ და კარგად იყო გათვლილი, ხელი არავის შეუშლია მათთვის ჩემს გადაყვანაში. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია გარეული, სხვა შემთხვევაში, ასეთი მაღალ დონეზე დაგეგმილი გატაცების ორგანიზება ვერ მოხდებოდა. იმ დღეს თურმე არცერთი ვიდეოკამერა არ მუშაობდა, როგორ მოხდა ასე? ასეთი რამე წარმოუდგენელია. ასეთი მასშტაბის დანაშაულს სხვა ვერ ჩაიდენდა. თუ გიორგი კვირიკაშვილი არა, მაშინ ივანიშვილია ამაში გარეული. გარდა ამისა, მთელ ამ პროცესში ჩართული იყვნენ შსს, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსი”.

კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფიქრობს მუხთარლი, რომ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით გაიტაცეს აზერბაიჯანში, არის ის, რომ მის მიმართ თბილისში თვალთვალზე საჩივრები გამოუძიებელი დარჩა.

“ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ გვითვალთვალებდნენ თბილისში, მეც, ჩემი ოჯახის წევრებსაც, დაშგინ აღალარლის, სხვა აქტივისტებს. პოლიციასაც მივმართეთ ამ საკითხზე, თუმცა არ გამოუძიებია ეს საკითხი. ჩემს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ამ საკითხზე საერთაშორისო მედიასაც ველაპარაკეთ”.

რაც შეეხება აზერბაიჯანში მის დაკითხვებსა და კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ამბობს, რომ ხელისუფლებიდან მას არავინ შეხვედრია , -“მხოლოდ გამომძიებელი მელაპარაკებოდა”.

აფგან მუხთარლი ნეტგაზეთთან საუბარში ქართველ ხალხს მადლობასაც უხდის.

“მინდა ქართველ ხალხს და კოლეგებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 2 წელი ვიცხოვრე თბილისში და ბევრი მეგობარი შევიძინე ამ დროის განმავლობაში”.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში, სადაც მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხვალ, 10 თებერვალს, დილით დაბრუნდება. ამბობს, რომ პროგნოზებზე საუბარი უჭირს.  მუხთარლი პატიმრობიდან 2 დღით გაათავისუფლეს და დაღუპული ნათესავების 40-ზე დასწრების ნება მისცეს.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი