ახალი ამბები

ცირკის მსახიობები სკოლებში დაბრუნებას ითხოვენ

9 თებერვალი, 2018 • 3398
ცირკის მსახიობები სკოლებში დაბრუნებას ითხოვენ

ცირკის მსახიობებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სკოლებში ფასიანი ღონისძიებების გამართვის მოთხოვნით აქცია გამართეს. “ცირკის მოღვაწეთა კავშირის” წევრები ამბობენ, რომ 2006 წლიდან სკოლებში ფასიან წარმოდგენებს ვეღარ მართავენ, რადგან მათ ამის უფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აძლევს:

“დაახლოებით 2006 წლიდან საერთოდ აკრძალეს სკოლებში ფასიანი ღონისძიებების გამართვა. აქედან გამომდინარე, სკოლაში ვერ შევდიოდით. დირექტორები გვეუბნებიან, ტენდერი უნდა ჩატარდესო, ამას ორი თვე სჭირდება, იქ ფართი უნდა შეფასდეს. ფართის ღირებულება ან სკოლამ უნდა გადაიხადოს, ან ჩვენ. ჩვენ თანახმა ვართ ამ თანხის გადახდაზე, მაგრამ ორ თვეში ერთი წარმოდგენა რომ გავმართოთ, ეს არაფერს ნიშნავს” – ამბობს მსახიობი ილია გაბუნია.

გაბუნიას თქმით, აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – მიეცეთ სკოლებში ღონისძიებების ჩატარების უფლება, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა:

“ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, ცირკის მსახიობებს მიეცეთ სკოლებში ფასიანი წარმოდგენის ჩატარების საშუალება. ჩვენი წარმოდგენების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. გვეუბნებიან, სკოლაში ფულის აკრება არ შეიძლებაო. ჩვენ გვყავს ეგზოტიკური ცხოველები, გაწვრთნილი ძაღლები და ა.შ. გვინდა ბავშვებმა ეს ნახონ და მსახიობებიც დასაქმდნენ” – ამბობს მსახიობი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ მიერ ორგანიზებული ერთიდან ორ საათამდე ხანგრძლივობის წარმოდგენები შეღავათიანია მშობლებისთვის, შვილის ცირკში წაყვანასთან შედარებით. ბილეთის ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებაზე ბავშვებს არც მშობლების გაყოლა სჭირდებათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცირკის წარმოდგენებზე სკოლებში ბილეთების რეალიზება უწყების კომპეტენციას სცილდება. განათლების სამინისტროს განმარტებით, საცირკო წარმოდგენები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი არ არის, შესაბამისად, აქციის მონაწილეთა პროტესტი უწყებისთვის გაუგებარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი