ახალი ამბებისაზოგადოება

“ბასიანი” ასავალ–დასავალის, ქართული მარშისა და სხვების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

9 თებერვალი, 2018 • 4044
“ბასიანი” ასავალ–დასავალის, ქართული მარშისა და სხვების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

კლუბ “ბასიანის” დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ცილისწამება მიმდინარეობს და ცილისმწამებლების წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

დღეს, 9 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას მზად იქნება სარჩელი, რომლითაც ცილისწამებების უარყოფას მოითხოვენ.

კლუბის დამფუძნებლი,ს ტატო გეტიას თქმით, ეს ცილისწამება ძირითადად ეხება კლუბში ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებას.

გეტიას თქმით, აქამდე ცილისწამებას არ აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა ახლა ბრალდებებთან ერთად გახშირდა ძალადობრივი მოწოდებები კლუბის წინააღმდეგ, რაც მუშაობაში ხელს უშლის.

“ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს დისკრედიტაციას”, – განაცხადა ტატო გეტიამ. 

გეტიას თქმით, ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და ცილისმწამებლები არ არიან ნამყოფი მათ კლუბში.

“კლუბი “ბასიანი” არის იმ პროდასავლური ღირებულებების მატარებელი, რომელზეც ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა. ეს გახლავთ ის მიზეზი, რატომაც ეს ძალები ბასიანს თავს ესხმიან”, – ამბობს ზვიად გებახიანი.

მათი თქმით, გულისხმობენ “ასავალ-დასავალს”, “მარშალპრესს”, “ობიექტივს”, სადაც ხშირად წერენ კლუბის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. 

გამოცემების გარდა, ახსენეს “ქართული ძალა” და მისი ლიდერები, სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც აანონსებენ საზოგადოებრივი პოლიციის შექმნასა და კლუბის წინააღმდეგ ვიდეოების გავრცელებას.

კონკრეტულად, თუ რა ფორმის იქნება სარჩელი და რას მოითხოვენ ბასიანის დამფუძნებლები, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი