ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

გაფრთხილება: პოპულარული აპლიკაცია თქვენს პირად მონაცემებს ასაჯაროებს

9 თებერვალი, 2018 • 8366
გაფრთხილება: პოპულარული აპლიკაცია თქვენს პირად მონაცემებს ასაჯაროებს

თქვენი სახელი, მობილურის ნომერი, ფოტოსურათი, “ფეისბუკის” მისამართი, შესაძლოა, ისე აღმოჩნდეს, ან უკვე აღმოჩნდა არასასურველი ადამიანების ხელში, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეთ.

ამის საშუალებას მომხმარებელს მობილურის ერთ-ერთი პოპულარული ქართული მობილური აპლიკაცია აძლევს, რომელიც უკვე 50 000-ჯერ არის ჩამოტვირთული. “ნეტგაზეთი” განზრახ არ წერს აღნიშნული აპლიკაციის სახელწოდებას.

პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ აპლიკაციის მუშაობის პრინციპში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა და რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა.

თუკი მომხმარებელი ამ აპლიკაციას ჩამოტვირთავს, ყველა სხვა მომხმარებლისთვის საჯაროს ხდის საკუთარ მობილურში შენახულ მობილურს ნომრებს, ამავდროულად, იღებს წვდომას სხვა მომხმარებლების კონტაქტებზე.

პერსოალურ მონაცემთა დაცვის აპარატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აპლიკაცია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღწერილობის შესაბამისად, ტელეფონის ნომრის ჩაწერის შედეგად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა პირის სოციალური ქსელის მისამართი, სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა მონაცემები.

“აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, ვის ეკუთვნის მობილურის ნომერი. აპლიკაციას გააჩნია უდიდესი ქართული სატელეფონო ბაზა, რაც გაძლევთ საშუალებას, მოძებნოთ თითქმის ყველა მობილურის ნომრის მფლობელი, ხშირ შემთხვევაში, იძებნება სურათიც,” – ვკითხულობთ აპლიკაციის აღწერაში.

ირღვევა თუ არა კანონი და რა რეაგირება აქვს სახლმწიფოს?

საქართველოში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უწევს. თუმცა, როგორც აპარატში განგვიცხადეს, ინსპექტორს არ შეუძლია სისხლის სამართლის  დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებაზე რეაგირება მოახდინოს. შესაბამისად, აპარატის ცნობით, მათ ამ ფაქტის შესახებ შსს-ს აცნობეს და რეაგირება სთხოვეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა შემცველი ბაზების დანაშაულებრივი გზით მოპოვებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ეს კონკრეტული შემთხვევა სამართალდაცავი ორგანოების კომპეტენციის საკითხად მიიჩნია,” – გვაცნობეს ინსპექტორის აპარატიდან.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე უკვე დაუკავშირდა შსს-ს, საიდანაც ინფორმაციის გარკვევას დაგგვპირდნენ.

განახლება: შსს-დან გვაცნობეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა) და 284 მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა).

აპლიკაცია ამ დრომდე არის განთავსებული შესაბამის პლატფორმაზე და მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ გვსურს, რომ ჩვენი ნომერი და სხვა ინფორმაცია ამ ბაზაში იყოს?

“ნეტგაზეთმა” ამ კითხვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს მიმართა. ინსპექტორი მოქალაქეებს სიფრთხილეს და მათი მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს:

“პირველ რიგში, თითეულმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისას და მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემამდე მიზანშეწონილია, იზრუნო მასთან დაკავშირებული პირების პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

სხვადასხვა სერვისის მიღებისას, მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვამდე საჭროა, გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ მონაცემთა დამუშავების წესების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში (Privacy Policy)”, – განგვიცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

უწყების განმარტებით, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ან უკანონო დამუშავების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ სამართლებრივი მექანიზმები დარღვეული უფლებების აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი