შეხვედრის თემა გარევაჭრობის პრობლემა იყო. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებიდან გარევაჭრობის აკრძალვაც მოითხოვეს.

 

სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” მმართველი ნატო დანელია ამბობს, რომ გარემოვაჭრეების გამო ფინანსურად ზარალდებიან: 

 

“ჩვენ გარევაჭრობის გამო შევიწროვებულები ვართ და ფინანსურად ვზარალდებით. ჩემთვის ნამდვილად გასაკვირია, რატომ უნდა ვიბრძოლო მე, ან სხვებმა, ჩვენი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის, როდესაც ეს უფლებები არ უნდა ირღვეოდეს. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მცირე, საშუალო და მიკრო-ბიზნესს.”


დანელია მოითხოვს, რომ გარევაჭრობა ქალაქში ყველგან აიკრძალოს:

 

“არსად არცერთი გარემოვაჭრე არ დადგეს. იმიტომ, რომ ეს არის უკანონო. შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, ერთს თუ შეუძლია, მეორეს რატომ არ შეუძლია და მასიურად ხდება. მე მაინტერესებს, ბიუჯეტში ფული საიდან შედის? ჩვენ ვიხდით გადასახადებს და არა ისინი.”

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ამბობს, რომ თვითმმართველობა გარემოვაჭრეობის პრობლემით შეწუხებულია:

 

“გავეცანით ჩვენ ამ პრობლემას. უბრალოდ, ჩვენი კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც ჯარიმა იწყება. მერიის ზედამხედველობის სამსახური ყველანაირ ღონეს ხმარობს, დილიდანვე იქაა და ამას მეწარმეებიც აღიარებენ, რომ გვერდით უდგანან, მაგრამ ჩვენი 22- კაციანი ჯგუფი ვერ ახერხებს, რადგან ჩვენ დაჯარიმების უფლება არ გვაქვს.”

 

ლომიძის თქმით, ის გარემოვაჭრეებსაც უთანაგრძნობს:

 

“უჭირთ ამ ადამიანებს და შეიძლება ისინი იძულებული არიან ისხდნენ იქ და რაღაც თავიანთი ბიზნესი ჰქონდეთ. ბიზნესი არ ჰქვია ამას, ისინი არსად არაფერს იხდიან, კანონს არღვევენ. მე იმიტომ შევხვდი ამ ადამიანებს, რომ ერთობლივად დაგვესახა გზები პრობლემის გადასაჭრელად, რომ რაღაცნაირად გათვალისწინებული იყოს ორივე მხარის პრობლემები. მეწარმეებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ქუჩაში ზის.”

 

მისივე სიტყვებით, “არ შეიძლება გადასახადის გადამხდელი იყოს დაქცეული და ადამიანი, რომელიც ქუჩაში ზის, იმას შევუწყოთ ხელი ჩვენ რამენაირად, რომ გააგრძელოს იქ ჯდომა და ხელი შეეშალოს მეწარმეს, რომელსაც თანხა შემოაქვს ბიუჯეტში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მაგრამ არც ის ხალხი არ არის, გერმანელები რომ იტყვიან, ისინიც ჩვენი ხალხია და მე მინდა, რომ ვიზრუნო მათზეც.”

 

მერის მოვალეობის შემსრულებელი პრობლემის გადაჭრის გზას კანონის კანონობაში ხედავს:

 

“ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ასე გადაწყდება პრობლემა. უნდა არსებობდეს კანონიერი ბერკეტი და უნდა ასრულებდეს რომელიმე ორგანო. დღესდღეობით ეს ფუნქცია შს სამინისტროს აკისრია კანონით, მაგრამ თუ ჩვენც რაღაცნაირად, ჩვენს ზედამზედველობის სამსახურს ექნება რაიმე ბერკეტი, კარგი იქნება.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *