ახალი ამბები

სიკეთე ალბათ დასჯადია – პაატა ბურჭულაძე სასამართლოში გამოკითხვამდე

9 თებერვალი, 2018 • 2180
სიკეთე ალბათ დასჯადია – პაატა ბურჭულაძე სასამართლოში გამოკითხვამდე

“სიკეთე ალბათ დასჯადია”, – ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ ფონდ იავნანას საქმეზე გამოკითხვის წინ გააკეთა.

ბურჭულაძე, რომელიც ფონდის დამფუძნებელია, მოწმის სახით ჩვენებას დღეს სასამართლოში მისცემს.

“სიკეთე ალბათ დასჯადია და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ის ფონდი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ რა ვქნათ, იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება”, – ამბობს ბურჭულაძე.

პროკურატურის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მთავარი კითხვები ფონდის მიერ გახარჯული თანხების მიზნობრიობას ეხება.

[red_box]იავნანას საქმე – მოკლედ[/red_box]

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხირიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ ვიდეოპორტალმა POSTV-მ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ფილმი მომზადებულია POSTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძეა, აღმასრულებელი დირექტორი – ლაშა ნაცვლიშვილი, პროდიუსერი კი – შალვა რამიშვილი.

ფილმში პაატა ბურჭულაძისა და ფონდის წარმომადგენელთა მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი. ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ფონდის შემოსავლებს ხელმძღვანელი პირები მალავდნენ, განზრახ ქირაობდნენ ისეთ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც სრულად არ აღწერდნენ “იავნანას” შემოსავლებს. ფილმში აღნიშნულია, რომ აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით ფონდმა იავნანამ 5 წლის განმავლობაში 9 მლნ 500 ათასი ლარი შეაგროვა და ქველმოქმედებისთვის მხოლოდ მესამედი – 3 მლნ 260 ათასი ლარი დახარჯა.

“იავნანას” საპასუხო განცხადების მიხედვით, POSTV-iს ფილმი არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის, არამედ ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ფონდში განმარტავენ, რომ  ორგანიზაციის საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტორი სწავლობს, რომლის ანგარიშიც საგადასახადო უწყებას ყოველწლიურად ბარდება. თავად პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ იცოდა მის წინააღდეგ დაგეგმილი ანტიპიარკამპანიის შესახებ, თუმცა ვერ იფიქრებდა, რომ ეს მიზნად ისახავდა ფონდის განადგურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი