“დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი ურთიერთოებების დალაგებისა და ჰარმონიულად განვითარების გასაღები ევრაზიის საინტერგრაციო პროცესში საქართველოს მონაწილეობაა. საქართველოს ევრაზიის საბაჟო კავშირში ინტეგრაცია, ასევე, გადაწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამ საერთო საბაჟო კავშირში ინტეგრაციას. დღეს კავკასიაში საზღვრების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. საზღვრები ვაჭრობის განვითარებისთვის ძალიან ძვირადღიებულია. მოგეხსენებათ, ამ დრომდე არ მუშაობს რკინიგზა,”- განაცხადა პუტინის მრჩეველმა, სერგეი გლაზიევმა საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის” თბილისის ფილიალის ოფისში გამართული კონფერენციის “ევრაზიული არჩევანი – თბილისი -2013” მსვლელობის დროს.
შესაბამისად, მისივე თქმით, საქართველოს ამ კავშირში ინტეგრაცია ყველა პრობლემატურ საკითხს ავტომატურად გადაჭრიდა.
“ეს საბაჟო კავშირი ყველა მისი წევრისთვის აბსოლუტურად თანაბარ ურთიერთობებსა და სუვერენიტეტს უზრუნველყოფს.”
ევრაზიის კავშირისა და საქართველოს მასში ინტეგრაციის საკითხის შესახებ განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა:
“თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?! საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.”





