ახალი ამბები

რადიო “თავისუფლების” ხელმძღვანელობის პასუხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სხვებს

6 თებერვალი, 2018 • 2333
რადიო “თავისუფლების” ხელმძღვანელობის პასუხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სხვებს

რადიო “თავისუფლების” მენეჯმენტმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილი მისწერა, რომელშიც რადიოს ქართული სამსახურის გარშემო ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ხელმძღვანელობის განცხადებით, რადიო აფართოებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, ამოსავალ წერტილად კი, უწინდელის მსგავსად, ჟურნალისტური სტანდარტები და ღირებულებები რჩება.

რამდენიმეთვიანი შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში იმ ჟურნალისტური სტანდარტებით, რომლებიც აქამდე გვქონდა. ეს, პირველ რიგში, მოიცავს ციფრული ტექნლოგიების სწრაფად ათვისებას, მაგრამ ამასთანავე ახალი კონტენტისა და ჟურნალისტური შესაძლებლობების ამაღლებასაც. “ეხო კავკაზა” გააგრძელებს არსებობას, როგორც [ქართული] სამსახურის ინტეგრირებული ნაწილი, ისევე როგორც გოგი გვახარიას გადაცემა. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა, “პერპექტივები”, ხოლო სალომე ასათიანი პროგრამა შესაძლებლობისთანავე განახლდება. მუშაობის პროცესში. კომპრომისის ნაცვლად, ვდილობთ გავამყაროთ ჩვენი ღირებულებები, რაც სამსახურის ნიშას წარმოადგენს.

თქვენი წერილი ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ მრავალი ქართველი მოიხმარს ჩვენს სერვისს. ჩვენ ვიღებთ აღნიშნულს, როგორც საზოგადოებრივ ნდობას. თქვენ მოგვწერეთ, რომ რადიო “თავისუფლება” საქართველოში ამკვიდრებს სტანდარტს. მოწოდებულები ვართ, ვაკეთოთ დაბალანსებული და ინოვაციური ჟურნალისტიკა და გვჯერა, რომ რადიო და მისი ქართული სამსახური კვლავ დაიმსახურებს თქვენს ნდობას”, – ნათქვამია წერილში.

 

 

წერილი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რადიო “თავისუფლების” ხელმძღვანელობას წერილი 2 თებერვალს გაუგზავნეს, რომელშიც რადიოს ქართული სამსახურის გარშემო ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებზე იყო საუბარი. ხელმომწერები ითხოვდნენ, ნათელი მოეფინათ ქართულ სამსახურსა და მენეჯმენტს შორის მიმდინარე კონფლიქტის მიზეზებისა და მისი მომავლისთვის.


რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ  თანამდებობა 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან.  მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.

“ნეტგაზეთმა” რადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთგიზს სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

„რადიო თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, –  ეწერა „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი