ახალი ამბები

ივანიშვილი: სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური

4 სექტემბერი, 2013 • 1004
ივანიშვილი: სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური

“ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ანგაჟირებულია და ხელოვნურადაა წამოწეული. თუ გნებავთ, ძველ ხელისუფლებას ეს ძალიან აწყობს და შეიძლება გარედანაც იმართებოდეს. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

პრემიერის თქმით, ის ამაყობს, რომ ტოლერანტობა საქართველოში არავის ესწავლება და ეს საკითხები აშშ-მა და ევროპამ, შესაძლოა, პირიქით, საქართველოდან ისწავლოს. თუმცა, მისი განცხადებით, ამ კუთხით ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები არის საბჭოთა პერიოდში არსებული ათეიზმისა და წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი “ძალადობრივი მმართველობის” შედეგი:

 

“ადრე ვერ ბედავდნენ, ახლა ზოგმა ობიექტურად გაბედა და ხმა ამოღო, სადაც არასწორი იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ანგაჟირებულია და ხელოვნურადაა წამოწეული”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერი ისევ კანონთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე აპელირებს:

 

“რაც შეეხება იმას, რაც მოხდა ჭელაში, აქ, როგორც მთავრობის მეთაური, მე მაინც ძირითად აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძებთ და მინარეთი დგას, არავისთან შეთანხმებული არაა, პროექტი არ არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არაა, არავითარი უფლება, აი, აქედან დაიწყო. რატომ გახდნენ ისინი იძულებულნი, რომ ერთ ღამეში გაეკეთბინათ, აი, აქ მრჩება მე კითხვა – არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მუსლიმი ჩვენი მოქალაქე ამას ობიექტურად განიცდის და მე ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ეს პროცესიც გამარტივდება და გაიოლდება”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიცია იძულებული გახდა, სოფელ ჭელაში გამოეყენებინა ძალა:

 

“იქაც, როგორც მოხდა, იძულებული გახდა პოლიცია, თუ ფინანსური პოლიცია რამდენიმე გაფრთხილების, შესატყვისი დრო მისცეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ? ეს ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ხდება დემონტაჟი. ჯობდა ალბათ უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ. “ჯობდა” – სათქმელად ადვილია, მაგრამ როდესაც გევალება და გასაკეთებელია, ზოგჯერ გიწევს უხეშად გაკეთებაც, თუმცა ეს სასიამოვნო არაა არც ჩემთვის და არც თქვენთვის”, – აცხადებს პრემიერი.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სახელმწიფოს ფუნქციებში არ უნდა ერეოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის არც მართლმადიდებელი მღვდლები.

 

“უფრო მეტი საქართველოში ცხოვრობს ქრისტიანი მართლმადიდებელი და მეც ასეთი გახლავართ, ეს არ არის ჩვენთვის მარტო რელიგია, ეს ჩვენი კულტურის უდიდესი ნაწილია.

 

დღეს მე შემიძლია ისევ აქცენტი გავაკეთო მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური, რომელიც ცდილობს და აკეთებს შესატყვის განცხადებებს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს რელიგიას, უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს ეკლესიას, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ჩავერიოთ, მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას, მაგრამ მათაც კარგად უნდა გაიგონ, ზოგიერთმა ეკლესიის მსახურმა, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ სახელმწიფო ფუნქციები შეითვისონ და შეითავსონ და განცხადებებიც შესატყვისი უნდა გააკეთონ. ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ,” – აცხადებს ივანიშვილი.

 

პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც დასრულდება კოჰაბიტაციის პროცესი, ბოლო მოეღება ტოლერანტობის კუთხით წარმოქმილ პრობლემებსაც საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი