“ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ დარეგისტრირდა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს აქცენტები გადმოიტანოს ჩვენზე, ხელისუფლებაზე. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც არ მევალება, რაც არ შედის ჩემს უფლებებში, არ ვისარგებლო და არ გამოვიყენო,”- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა პოლიტიკოსებთან ჰქონდა საუბარი, თუმცა მათ ვერ ნახეს სწრაფი გამოსავალი იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა გასჩენოდა.
“როგორი სტრუქტურებიც ჩვენ გვაქვს, იძულებული ვართ ისეთებს ვცეთ პატივი. პრემიერმა რომ დაიწყოს ზეწოლა ცესკოზე ან სასამართლოზე, მივიღებთ ახალ უბედურებას. თუ რამე კანონდარღევაა, მე ჩემი მხრიდან მივიღებ მონაწილეობას და ავიღებ ჩემზე პასუხისმგებლობას. სხვა მხრივ, მე არ ვიცი, როგორ უნდა დავეხმარო. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავაწყოთ სტრუქტურები და უნდა გავხადოთ უფრო ეფექტური და უფრო კანონმორჩილი. თუ რამე უხეში დარღვევებია, მასზე ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ პასუხი,”- განაცხადა ივანიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 სექტემბერს უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებაზე. ცესკოს განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეოის უფლება არ აქვს. სალომე ზურაბშვილის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
პრემიერ-მინისტრმა მისი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციაში შედის ცვლილებეი, თუმცა, შესაძლოა, კონსტიტუციის ცვლილებამდე მისი საჩივარი სასამართლომ დააკმაყოფილოს.
“მე როგორც ვიცი, პარლამენტში ერთ-ერთ კანონის ცვლილებად განიხილება, ჩემთისაც იქნება შეღავათი. ამის შემდეგომ სასამართლოში ორივე ინსტანციაში ჩემი განცხადება არის განხილვის პროცესში და შეიძლება სასამართლოთივე მოხდეს დაბრუნება ჩემი მოქალაქეობის. რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ეს მოხდეს მაქსიმალურად კანონიერად და მაქსიმალურად ეთიკურად და დარღვევები რაც იყო, ესეც კარგად დაინახონ ყველაფერი, განაცხადა ივანიშვილმა.





