ახალი ამბებისამართალი

პროკურატურამ ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიმართა

5 თებერვალი, 2018 • 1946
პროკურატურამ ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

“თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მ.ე.ჩ. საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს იქნა დაკავებული. მისი დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების თანახმად,  მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში მ.ე.ჩ-ს მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმისწარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ხსენებული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით.

“ამდენად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსტრადიციის შემაფერხებელი ხსენებული გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის თქმით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც ექსტრადიციის დასაშვებობის განსახილველად სხდომას კანონით დადგენილ ვადაში ნიშნავს.

“ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას  შეჯიბრებითობის პრინციპით, მხარეთა არგუმენტირებული პოზიციების მოსმენის შემდგომ იღებს”.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ გეგმავენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით.

“იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მეშვეობით დაიწყება საექსტრადიციო პროცედურები და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის მინისტრს დაერთოს ნება ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ბუნებრივია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ექატრადიციის შეჩერების შესახებ,”- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი