ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან წინასწარ გამოაქვეყნონ განსაზღვრული ინფორმაციების ნუსხა, რომელიც არასამთავრობო სექტორთან ერთად მომზადდა. 

 

წერილობითი ფორმის გარდა ინფორმაციის ელექტრონულად გაცემა დაევალათ შემდეგ ორგანოებს: სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს,  მთავრობის კანცელარიას, სახელმწიფო საქვეუწყებლო დაწესებულებებს, საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

 

ინიციატივის განხორციელებაში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტთან ერთად ჩართული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტით საართველოში გამჭვირვალობის ახალი სტანდარტი იქმნება:

 

“მთავრობის დადგენილება  შვიდი მუხლისგან შედგება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტებს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომელთაც ეკისრებათ ვალდებულება, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე.

 

დადგენილებით განსაზღვრულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესი, ელექტრონული განცხადებების რეგისტრაცია და ავტომატური დადასტურების სისტემის შექმნა.

 

IDFI-ი იმედოვნებს, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება უზრუნველყოფს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი, გაუმჯობესებული პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში და, ამავე დროს, აღჭურვავს საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლის დამატებითი მექანიზმებით”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.  

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *