ახალი ამბები

ვოლსკი: კორექტულობისკენ მოვუწოდებ გიორგი იაკობაშვილსაც და თქვენც

5 თებერვალი, 2018 • 2809
ვოლსკი: კორექტულობისკენ მოვუწოდებ გიორგი იაკობაშვილსაც და თქვენც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის შერჩევის დროს პარლამენტისთვის არ ყოფილა განმაპირობებელი ამ პიროვნების პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების ან რეგიონალური ჟურნალისტიკის მიმართ.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი იაკობაშვილს იცნობდა, როგორც კარგ ჟურნალისტს, რომლის მასალებშიც არასდროს ახსოვს რაიმე აგრესიული. ვოლსკის თქმით, იაკობაშვილი არც გასაუბრების დროს ყოფილა აგრესიული.

გია ვოლსკი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გია ვოლსკი ვერ ხვდება, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს “ასოს” უწოდებს და პოსტის ბოლოს “სამში თამამის” მიღებაზე საუბრობს:

“რაც შეეხება ეთიკის ქარტიას, ეს მისი პირადი შეხედულებაა, რომელსაც ბევრი იზიარებს, სხვათა შორის. პირადად მე არ მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ეთიკის ქარტიის მიმართ; არასამთავრობო ორგანიზაციის აბრევიატურას თუ ახსენებს  გიორგი იაკობაშვილი, ეს მისი პირადი საქმეა. რაღაცა თავის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გამოხატა.”

დეპუტატი აცხადებს, რომ გიორგი იაკობაშვილს შეიძლება ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ, მაგრამ ეს უნდა გამოხატოს კორექტულ ფორმებში.

“გიორგი იაკობაშვილი იქნება, თქვენ იქნებით პირადად, თუ მე ვიქნები, საერთოდ, ეთიკას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და კორექტულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ამისკენ მოვუწოდებ მომავალში გიორგი იაკობაშვილსაც, თქვენც და ყველა ჟურნალისტს – ეთიკისკენ და კორექტულობის დაცვისკენ,” – ამბობს ვოლსკი.

[red_box]საზმაუს ბორდის წევრი, გიორგი იაკობაშვილი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს[/red_box]

გიორგი იაკობაშვილი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად. ის სამთავრობო პარტიის – „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით მოხვდა მაუწყებელში. მას პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი. გიორგი იაკობაშვილს საზოგადოებრივ მაუწყებელში უფლებამოსილების ვადა 2020 წლამდე აქვს განსაზღვრული, ხოლო ყოველთვიურად 3 800 ლარს იღებს ხელფასის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი