“საქართველოში სინოპტიკოსები 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „112“-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.”
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.
აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.
