ახალი ამბები

მანდატურს სამართალდარღვევისას პოლიციისთვის მიმართვის ვალდებულება უჩნდება-კანონრპოექტი

5 თებერვალი, 2018 • 1591
მანდატურს სამართალდარღვევისას პოლიციისთვის მიმართვის ვალდებულება უჩნდება-კანონრპოექტი

საქართველოს ხელისუფლებამ მანდატურის სამსახურის რეფორმირება გადაწყვიტა, კანონპროექტის შექმნა კი საკუთარ თავზე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა აიღეს. შსს აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი მანდატურების სამსახურის გაძლიერება და სკოლაში უსაფრთხოების გაზრდაა.

როგორც შსს აცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება. მანდატური თანამდებობაზე არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნება, მანდატურის სამსახურის უფროსს კი, თავის მხრივ, თანამდებობაზე განათლების მინისტრი დანიშნავს. გარდა ამისა, მოსწავლეებს შორის კონფლიქტის განეიტრალებისას მანდატურს მოსწავლის შეყოვნების უფლება უჩნდება, ხოლო სამართალდარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული ხდება, როგორც მშობელს, ასევე საპატრულო პოლიციას აცნობოს.

ცვლილება მანდატურების მიმართ მოთხოვნებსაც ეხება. მაგალითისთვის, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, კანონპროექტით მანდატურად დაინიშნება მხოლოდ ის, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. გარდა ამისა, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 21 წლამდე აიწევს.

რაც შეეხება მანდატურის პროფესიული მომზადების წესს, მისი ხანგრძლივობა გაიზრდება, ხოლო სასწავლო პროცესი  გაითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტსაც . მოქმედი მანდატურები კურსის შესაბამისად გადამზადებას ეტაპობრივად გაივლიან.

გარდა მანდატურის სამსახურისა, კანონპროექტის მიხედვით, გაიზრდება კოორდინაცია განათლების სამინისტროსა და შსს-ს შორის, რაც სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ეს მოხდება სკოლაში რისკ-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით. 

კანონპროექტით, ცვლილებები სკოლებში არსებულ ვიდეოკამერებსაც შეეხება, კერძოდ, სავალდებულო გახდება შიდა და გარე პერიმეტრზე კამერების არსებობა, რომელიც სკოლის მთელ პერიმეტრს და გარე ტერიტორიას დაფარავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხევაში, გაიზრდება მათი რაოდენობა. კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სკოლებში უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის უწყებათაშორისი ჯგუფი მუშაობს. მათი მუშობის პროცესში მანდატურისა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა გაღრმავდა. გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ  ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სპეციალური ფლაერები ძალადობისისა და ბულინგის შესახებ, რომლებიც პირველად მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან შეხვედრისას დაარიგა. სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში გავრცელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი