“საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ეწერა, რომ რუსეთის საზღვარი ყაზბეგის რაიონში გადმოიწია. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რის გამოც უბრალოდ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები,”- ნათქვამია ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
“ნეტგაზეთი” პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის მყინვარწვერზე ლაშქრობის შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.
გოგა ხაჩიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,” რამდენიმე საათის წინ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ იგი ყაზბეგის რაიონის მეტეოსადგურში იყო და ამინდის გაუმჯობესებას უცდიდა.
1 სექტემებერს ერთ-ერთი მთამსვლელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვარმა ყაზბეგის რაიონში გადმოიწია. აღნიშნული ინფორმაცია, სხვა მთამსვლელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
