ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის რანგით მეორე თანამდებობის პირი სამხრეთ კორეაში ჩავა

5 თებერვალი, 2018 • 2139
ჩრდილოეთ კორეის რანგით მეორე თანამდებობის პირი სამხრეთ კორეაში ჩავა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეთაური სამხრეთ კორეაში  ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალება BBC ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის შემდეგ რანგით მეორე პოლიტიკური თანამდებობის პირი სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

პარასკევს დაგეგმილ ცერემონიაზე  კიმ იონგ-ნამი 22 ადამიანისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად ჩავა და სამხრეთ კორეაში 3 დღით დარჩება. ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთი დროშით იქნება წარმოდგენილი და საერთო გუნდით მიიღებენ მონაწილეობას.

90 წლის კიმ იონგ-ნამი კარიერის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის სამივე ლიდერის მთავრობაში მუშაობდა. მის მოვალეობებში ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება და სხვა დიპლომატიური ფუნქციები შედის.

ჩრდილოეთ კორეის გემებს სამხრეთ კორეის პორტებში შესვლა 2010 წლიდან აკრძალული აქვთ, თუმცა, როგორც სამხრეთკორეული მხარე აცხადებს, ოლიმპიადის წარმატებით მასპინძლობისთვის გამონაკლისის სახით ამ შეზღუდვას დროებით მოხსნიან.

გახსნის ცერემონიას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრება. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ფრედ ვორმბიერი, ვისი შვილიც ჩრდილოეთ კორეაში იყო დაპატიმრებული და აშშ-ში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, პენსის სტუმრის რანგში დაესწრება ცერემონიას.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ქვეშაა. ექსპერტების აზრით, ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის მონაწილეობა ურთიერთობების მოულოდნელი დათბობაა. 

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას წინ უძღოდა კიმ ჩენ-ინის მიერ სამხრეთ კორეის ლიდერისთვის საახალწლო მილოცვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა დიალოგისთვის და შეუძლია გაგზავნოს გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, დაძაბულობა კვლავ იგრძნობა. ჩრდილოეთ კორეამ ფართომასშტაბიანი სამხედრო მარშიც დაანანონსა, რომელიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი