ექიმები კლინიკის ახალი მფლობელის წარმომადგენელს ტეკინ ატიკს კლინიკაში არ უშვებენ და აცხადებენ, რომ ინვესტორს ფული გადახდილი არ აქვს. ასევე, ითხოვენ, რომ კლინიკა სახელმწიფომ დაიბრუნოს…

 

მართალია, ჯერ არ გადაუხდიათ თურქ ინვესტორებს თანხა. არის ვადა ამ ფულის გადახდის. ეს თანხა ხელშეკრულების თანახმად 6 თვის განმავლობაში უნდა დაფარონ.

 

დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თქვენ მინისტრი საქმის კურსში არ ჩააყენეთ და კლინიკა ისე გაყიდეთ. გქონდათ თუ არა ვალდებულება ხელისუფლებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების შესახებ?

 

ეს კლინიკა იყო ჩვენი კერძო საკუთრება და გაყიდვის უფლება გვქონდა. მე რატომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში სერგეენკო? ეს არის კერძო კომპანია. სიტყვაზე, ქარხანა რომ მქონდეს ნაყიდი და მერე გამეყიდა, ეკონომიკის სამინისტროში ხომ არ უნდა მივსულიყავი?! იაშვილის კლინიკა არის ნაყიდი აუქციონზე. ეს კლინიკა აუქციონზე გაიტანეს 6 მილიონ ლარად. ეს იყო ელექტრონული ტენდერი და კონკურენციის შედეგად 10 მილიონ 400 ათას ლარად ვიყიდეთ. თითქმის ორჯერ ძვირი გადავიხადეთ. გასხვისება შეგვეძლო. არავითარი შეზღუდვები არ ყოფილა. ჩვენთან მილიონი მყიდველი მოდიოდა არასერიოზული. მე თვითონ ვიყავი ჩასული თურქეთში. ხელშეკრულების დადება ჰაერიდან კი არ მოხდა. ოთხი თვე მიდოდა ამ კონტრაქტზე მუშაობა. უსერიოზულესი ჯგუფია, ვინც ეს კლინიკა იყიდა.

 

მაშინ რაშია პრობლემა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

 

გია ნაცვლიშვილი
გია ნაცვლიშვილი

მათ გამოაგზავნეს წარმომადგენელი, რომელსაც, როგორც ჩანს, სმა უყვარს. თურქეთში არ სვამენ. აქ რომ მოხვდა, დალია. იმიტომ დაემართა. ამ კონტრაქტით, კლინიკის მენეჯერი ჩვენ უნდა დავნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ მფლობელები თურქები არიან. ეს არის უსერიოზულესი ჯგუფი, „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს“ თურქეთში მარტო 107 საავადმყოფო აქვს და სამედიცინო უნივერსიტეტი თვითონ სტამბოლში. მაგათი შემოსვლა ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება რეალურად სასიკეთოდ. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, რასაც ისინი აპირებენ. მარტო ამ არსებულ საავადმყოფოში 20 მილიონს დებენ და კიდევ ორ საავადმყოფოს აშენებენ ახალს. მაგათ უნდათ, რომ შექმნან ჰაბი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ვინც ჩადიოდა თურქეთში, ჩამოიყვანონ და აქ უმკურნალონ. საავადმყოფოც აქ დარჩება და ფულიც აქ დარჩება გადასახადების სახით.

 

ახალ მფლობელს კლინიკა რა პირობებით მიყიდეთ?

 

იგივე პირობებია. მფლობელი ინგლისელი, გერმანელი თუ თურქია, ეს არ უნდა მოქმედებდეს ექიმებზე.

 

ექიმები ამბობენ, რომ  ტეკინ ატიკმა  ხატების ჩამოხსნა მოითხოვა და ჯვრის ტარება აკრძალა და თურქული ენის კურსი გახსნა…

 

ხატების ჩამოხსნას გამოვრიცხავ. ეს კაცი არ არის ღრმად მორწმუნე. მის ოთახში, სადაც მუშაობდა, საქართველოს პატრიარქის სურათი კიდია და ჯვარიც. მას არ მოუთხოვია იქიდან გატანა, თვენახევარია იქ ზის. ეს კაცი სწავლობს დოკუმენტაციას. რაც შეეხება თურქული ენის კურსებს, ეს აუცილებლობა კი არ არის. თუ უნდათ, ნუ მივლენ. თურქული კურსები იმიტომ უნდათ, რომ ძალიან ბევრი ადამინი წაიყვანონ თურქეთში და გაატარონ პრაქტიკა. ორი–სამი თვით წაიყვანონ და იქ ასწავლონ. თურქული და ქართული მედიცინა არის როგორც ცა და დედამიწა. იქ რა ენაზე ასწავლონ? ვისაც არ უნდა, თურქეთში ნუ წავა და ზედმეტს ნუ ისწავლიან.

 

მფლობელის წარმომადგენელმა თქვა, რომ იაშვილის კლინიკის ექიმები კონკურენტმა დაუპირისპირა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ვინ უპირისპირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქულ კომპანიას?

 

დაპირისპირებას გამოვრიცხავ. ეს არის ყოფითი პრობლემიდან წარმოშობილი კონფლიქტი, რომელიც კომუნიკაციის ნაკლებობამ წარმოშვა. ამან ენა არ იცის. ის მივიდა მძღოლთან ერთად, რომელმაც იცის თურქულ–რუსული. რა უთხრა ამან და რა უპასუხა ექიმმა, ერთამნეთში ვერ არკვევენ. ახლა იაშვილის კლინიკას ქართული მენეჯმენტი მართავს. ასეთი ინციდენტი შეიძლება ყველგან მოხდეს. შეიძლება ვიღაცამ პიროვნულად რაღაც გააფუჭა. გუშინ ბოდიში მოიხადა. ეს ადამინი ამ კლინიკაში აკეთებს პროექტებს. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მენეჯმენტის რეორგანიზაციას. მთავარია, რომ მოხდეს საავადმყოფოების გადაკეთება. პალატები და საკონფერენციოები არ შეესაბამება სტანდარტებს. რეანიმაცია და ასე შემდეგ. იცვლება მთელი აპარატურა. ჩამოდის ახალი აპარატურა. იაშვილის კლინიკაში აპარატურა არის 15 წლის, ის ამბობს, რომ 4 წელიწადში ერთხელ მთლიანი აპარატურა უნდა შეიცვალოს. ამ საკითხებზე მიდის სერიოზული მუშაობა. შეკვეთაც კი გაკეთებულია,რომ შემოვიდეს თანამედროვე აპარატურა. ხელფასებიც უნდა შეიცვალოს, გადანაწილდეს და გაიზარდოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *