ახალი ამბები

გიგი უგულავა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

4 თებერვალი, 2018 • 2107
გიგი უგულავა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

“ევროპული საქართველოს”გენერალური მდივანი, გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ეს განცხადება გიგი უგულავამ დღეს პარტიის ყრილობაზე გააკეთა.

“საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი, საქართველოს  მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ,”-განაცხადა გიგი უგულავამ. თბილსის ყოფილმა მერმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობაც შესთავაზა.

“ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენ ეს ვნახეთ კორცხელში. მაგრამ ყველა წინააღმდეგობა მხოლოდ ამძაფრებს გამარჯვების სურვილს და თუ გამოვნახავთ საერთო ენას, შედეგი იქნება ახლაც და ოქტომბერშიც,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს ყრილობა/04.02.2018

როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ პარტიებში  პროდასავლური ოპოზიციური პარტიები იგულისხმებიან.

“ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობითვის. ყველა პროდასავლურ პარტიასთან ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეძლოს საერთო ენის გამონახვა იმისთვის, რომ ხელისუფლება დამარცხდეს,”-ამბობს დავით ბაქრაძე.

დღევანდელ ყრილობაზე “ევროპული საქართველოს” პარტიის წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცეს. პარტიის 75-წევრიან პოლიტიკურ საბჭოს გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, რომელიც წინა წლის დეკემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა. საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის  შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში. კანონის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − აპრილში. შესაბამისად, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 2018 წლის აპრილში გაიმართება შუალედური არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი