ახალი ამბები

ალასანია: პრემიერის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალ რეალობას შექმნის

3 სექტემბერი, 2013 • 851
ალასანია: პრემიერის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალ რეალობას შექმნის

“პრემიერის განცხადება ჩემთვის და მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, პრემიერი ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ის პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება თვისობრივად ახალ რეალობას შექმნის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკაში. იქნება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გარემო, შემდეგ უკვე ადგილობრივი და სხვა არჩევნებისთვის მე მგონია, რომ მართლაც ახალი, საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ამით ხელს ბიძინა ივანიშვილი. გარდა ამისა, მე ძალიან მომწონს, რომ ის აპირებს საზოგადოებრივი მოღვაწეობა გააგრძელოს. დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობო საზოგადოებრივ სარბიელზე ძალიან მაღალი კონკურენტული გარემო შეიქმნება. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივი და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს”, – განაცხადა ალასანიამ.  

 

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი პრემიერის შემცვლელის ვინაობა, ალასანია პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე თქმით, ნაადრევია ასევე საუბარი მინსტრთა მომავალი კაბინეტის ფორმირებაზე. კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა იგი თავს მინისტრთა ახალ კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ალასანიამ განაცხადა:

“მე რაც შემეხება, ძალიან დიდ პატივად მიმაჩნია, რომ დღეს ვარ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ვემსახურები ჯარს, ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ღირსეულ საქმეს მე უახლოეს პერიოდში ვერ ვიპოვი”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი