ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ხუთშაბათს განადგურდება

3 სექტემბერი, 2013 •
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ხუთშაბათს განადგურდება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი კომისიის წევრებმა, ლაშა ტუღუშმა და ეკა გიგაურმა ტელეკომპანა იმედს განუცხადეს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერები ხუთშაბათს განადგურდება. მათი თქმით, განადგურდება მხოლოდ ინტიმური კავშირის ამსახველი კადრები. 

 

კადრები მოდულის შენობაში 15 საათზე განადგურდება და მას მედიის წარმომადგნელებიც დაესწრებიან. ლაშა ტუღუშის თქმით, სულ 181 საათის და 30 წუთის კადრები განადგურდება. 

 

“მე ვფირობ, რომ ეს არის მართლაც პოზიტიური გადაწყვეტილება. სამართლებრივი თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ არაანაირი კითხვის ნიშანი აღარ დაისმება. ყველა პროცედურა ჩატარდა კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად,”- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა გუშინ, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

ლაშა ტუღუშის, გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორის თქმით, მხოლოდ ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფარული ჩანაწრები განადგურდება.

 

“საუბარი არის პირადი ცხოვრების ინტიმურ ნაწილზე. არსებობს კიდევ ფოტომასალა, რომელიც განადგურდა. მე მინდა, რომ ხაზი გავუსვა, რომ არ შეგვეშალოს, რჩება სხვა ტიპის მასალები, რომელიც ასევე საინტერესოა გამოძიებისთვის,”- განაცხადა ტუღუშმა. 

 

კომისიის 9 წევრიდან მხოლოდ ერთმა, პოლიტოლოგმა კახი კახიშვილმა არ დაუჭირა მხარი კადრების განადგურებას. მისი თქმით, კადრების განადგურება მანამდე, სანამ მათი გადამღები პირები არ დაისჯებიან, არ შეიძლება.

 

“დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა ყოფილიყო იმ დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილი, რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებით გაბედეს საძინებლებში კამერების დამონტაჟება. ის, რომ ეს ვიდეომასალები განადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან,”- განაცხადა კახი კახიშვილმა. 

 

კადრების განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ამბასადორიალის დასრულების შემდეგ. გუშინვე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის სხდომა დანიშნული. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაგროვდა შსს–ში, 15 აგვისტომდე უნდა გაენადგურებინა. აგვისტოში კადრების განადგურება რამდენიმე დღით გადაიდო და დღემდე არ აღსრულებულა. 

 
ღარიბაშვილმა უკანონო ვიდეოჩანაწერების განადგურების გადავადების მიზეზად 15 აგვისტოს ამ საკითხზე მომუშავე კომისიის რამდენიმე წევრის საქართველოში არყოფნა დაასახელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი