“მე ვთვლი, რომ ბატონმა ბიძინამ არაერთხელ და ორჯერ გააკეთა მკაფიო მინიშნება, რომ ის აპირებს წასვლას. დღევანდელი ღია წერილით ამას კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს, რომ მისი ნება, წავიდეს პოლიტიკიდან და არა საქართველოდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, არის მკაფიო. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერ-მინისტრად, ამაში არაფერი ტრაგედია არ არის, პირიქით, ჩვენ ყველა ვნახავთ სულ მალე, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და უფრო მეტად მოემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს, ასევე, სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე გარკვეულწილად შეზღუდული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც კი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

მისივე თქმით, ივანიშვილს უფრო მეტი გეგმები და ხედვები გააჩნია და მათ განხორციელებას ახალ ამპლუაში უფრო შეძლებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას:

 

“მეორე, რაც მე მომწონს მის პოზიციაში, ეს არის ის, რომ ვიდრე მესიად გამხდარა, მესია უნდა მოკვდეს საქართველოში. არ შეიძლება, როცა ადამიანები ერთ ადამიანზე არიან ჩამოკიდებულნი. ეს არის ყოველმხრივ დაუშვებელი, ამიტომ ორი აზრი არ არის, რომ ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი და საშუალებას აძლევს ქართულ საზოგადოებას, ახალი ეტაპიდან დაიწყოს სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პრემიერის თანამდებობაზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს საზოგადოებას წერილობითი განცხადებით მიმართა, სადაც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც ის აპირებს გადადგეს პრემიერის პოსტიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *