ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიას კოტე რატიანის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. რაც შეეხება ამირან ძოწენიძეს, მისი სხდომა 6 სექტემბრამდე გადაიდო. როგორც რატიანი ამბობს, ასეთ გადაწყვეტილებას ელოდა:
“თავიდან ბოლომდე ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, ველოდი კიდეც ასეთ შედეგს, იმიტომ, რომ ის მიზეზი, რა მიზეზებითაც გამათავისუფლეს, იყო თითიდან გამოწოვილი.”
როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, მერია გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას:
“მოვა დასაბუთებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტს ხელმძღვანელობა, გაასაჩივრებს თუ არა. ვნახოთ, რამდენად დასაბუთებული იქნება გადაწყვეტილება, მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ამ ნაწილით არაფრის თქმა შემიძლია.”
“ორი ძირითადი კომპონენტი იყო, სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევა და მეორე ნაწილი ეხებოდა ადმინისტრაციულ წარმოებას. სასამართლომ პირველ ნაწილზე განაცხადა, რომ არ ყოფილა სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევა და, მით უმეტეს, უხეში დარღვევა, რაც უკვე გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე ჩაატარა წარმოება, ფორმალურად მაინც, რომ მხარეს არ მისცა უფლება თავისი მოსაზრებები წარედგინა. მიიჩნია სასამართლომ, რომ წარმოება არასრულყოფილი იყო და ძირითადი საფუძველიც არ იყო დასაბუთებული,”- ამბობს რატიანის ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი.
ზაქარაშვილი სასამართლოში ქალაქის ყოფილი ვიცე-მერის, ამჟამად იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, ამირან ძოწენიძის ინმტერესებსაც იცავს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ აუცილებლად მიიჩნია საქმეში მესამე მხარის მოწვევა. კერძოდ, საუბარია გიორგი შარაბიძეზე, რომელიც ამჟამად ძოწენიძის პოზიციას იკავებს. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო სხდომა 6 სექტემბრამდე გადადო, რათა მესამე მხარეს შეატყობინონ, რომ სხდომაზეა მოწვეული. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად არაფერს ცვლის:
“მესამე პირის პროცესზე ყოფნა არსებითად საქმის მსვლელობას ვერაფერს დამატებითს ვერ მოუტანს, თუმცა, რახან ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს მის მონაწილეობას პროცესში, ჩვენ წინააღმდეგი არ წავედით ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. შემდეგი სხდომა იქნება საქმის არსებითი განხილვა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს სარჩელს.”
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანება ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, კოტე რატიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. რატიანი აღდგენილი იქნა ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და ქუთაისის მერიას დაეკისრა მოსარჩელეს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
“შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, დაინტერესებული პირი არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაზე. ასევე არ დადასტურდა უხეში გადაცდომის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მოხელის გათავისუფლებას”, – ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
