ახალი ამბები

პრემიერმა შავი ჯიპების წინააღმდეგ განცხადება ორი წლის განმავლობაში მეორედ გააკეთა

2 თებერვალი, 2018 • 3890
პრემიერმა შავი ჯიპების წინააღმდეგ განცხადება ორი წლის განმავლობაში მეორედ გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მეორე წელია აკრიტიკებს მაღალი კლასის ავტომობილებსა და შავ ჯიპებს, თუმცა ჩინოვნიკები დღემდე ვერ ელევიან ძვირადღირებულ მანქანებს.

2016 წლის აპრილში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კვალიფიციურ კადრებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური და მაღალი ხელფასები, თუმცა არ უნდა იყიდონ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც უწყებები ყიდულობენ მათ გადასაადგილებლად. გასული წლის ნოემბერში კი კონკრეტულად შავი ჯიპები გააკრიტიკა და ყოფილ შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს დაავალა, რომ აღეკვეთა მოხელეების მიერ შავ ჯიპებზე ანთებული ციმციმებით სიარული.

დღეს, 2 თებერვალს, პრემიერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადება შავი და დაბურული ჯიპებით ჩინოვნიკების სიარულის შესახებ . მისი თქმით, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულების დროა, რადგან ეს ყველას, მათ შორის, მასაც აღიზიანებს.

“ვფიქრობ, როცა საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ, რადაგნ დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ტრანსპორტი  ჩავანაცვლოთ, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე. არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად ხელსიოუფლების წარმოამდგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც.

არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს  თუნდაც სამართალდამცავმა. ამიტომ ჩანაცვლება დაიწყება მინისტრებისგან  და გავრცელდება თანდათან ყველგან. მინისტრებმა დავიწყოთ  და შემდეგ მოგვბაძავენ სხვები” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ავტომობილების ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ერთბაშად ვერ მოხდება და ამ პროცესს დრო სჭირდება, ხოლო შავი ჯიპების გამოყენება დასაშვები გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს. დღესვე იაპონიის მთავრობამ საქართველოს პოლიციას 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი საჩუქრად გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი