ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

facebook-სა და google-ს მოუწოდებენ, შეისწავლონ აზერბაიჯანულ დამოუკიდებელ მედიაზე კიბერთავდასხმები

2 თებერვალი, 2018 • 1724
facebook-სა და google-ს მოუწოდებენ, შეისწავლონ აზერბაიჯანულ დამოუკიდებელ მედიაზე კიბერთავდასხმები

რეპორტიორთა უსაფრთხოებისა და თავისუფლების ინსტიტუტი [The Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS)] აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს დამოუკიდებელ მედიასა და ფეისბუკზე ოპოზიციის ლიდერთა გვერდებზე კიბერთავდასხმების ორგანიზებაში. ბოლო თვეების განმავლობაში ინტერნეტში ცენზურის სამიზნე აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ოპოზიციონერ ლიდერთა გვერდები გახდა.

2018 წლის 29 იანვარს კიბერთავდასხმა მოხდა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა meydan.tv-ის ოფიციალურ გვერდზე, რის შედეგადაც გვერდიდან  5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები წაშალეს, ასევე, ვებ-გვერდის 100 ათასზე მეტი ხელმომწერი [20%] წაშალეს. იდენტური თავდასხმა მოხდა დამოუკიდებელ რესურსზე, KANAL 13-ზე, ვებ- გვერდზე «Made in Azerbaijan» და ოპოზიციონერი ლიდერების, ალი ქერიმლისა და ჯამილ ჰასანლის გვერდებზე.

“ის, რომ ხელისუფლებამ აგრესიული მიზნობრივი მოქმედებები დაიწყო ონლაინ ცენზურის გასამყარებლად, მოწმობს იმას, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული მოსახლეობაში კრიტიკული აზრის განვითარების ტენდენციით, რომელიც სოციალური ქსელების საშულებით მათ კონტროლს  მიღმაა”, – აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ემინ ჰუსეინოვი.

ორგანიზაცია ასევე შეშფოთებულია იმით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე  საპროტესტო აქციების დროს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ინტერნეტის გათიშვა დაიწყო.

შესაბამისად, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ზეწოლა აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების უხეშ შეზღუდვაზე პასუხისმგებელ ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებზე ინდივიდუალური სანქციების დაწესების გზით.

The Institute for Reporters’ Freedom and Safety ასევე მოუწოდებს ფეისბუკსა და google-ს, შეისწავლონ აღნიშული კიბერთავსასხმები და დაზარალებულ მედიარესურსებს წაშლილი პუბლიკაციების აღდგენასა და ხელმომწერთა დაბრუნებაში დაეხმარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი