
“ნეტგაზეთს” 2 სექტემბერს დაუკავშირდა გიორგი ხუციშვილი, მთამსვლელი, რომელმაც რუსეთის მიერ ყაზბეგის რაიონში საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გააკეთა და უთხრა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი დაუზუსტებელი იყო და საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, თავად არ იმყოფებოდა საზღვართან, ინფორმაცია მეგობრებისგან შეიტყო და დეზინფორმაცია გავრცელდა. მან ამ ფაქტს გაუგებრობა უწოდა.
მის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “რუსებმა ყაზბეგის მყინვარიდან მაილის პლატომდე გადასასვლელი გზა და მთლიანად მაილის პლატო თავიანთკენ მიიქციეს. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ მყინვარწვერზე საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ასვლა.!”.
ნეტგაზეთი მთამსვლელებს, ირაკლი გუჯაბიძეს და არჩილ ბარდიაშვილს ესაუბრა, ისინი ასევე უარყოფენ საზღვრის გადმოწევას.
საქართველოს მთამსველთა ფედერაციის ხელმძღვანელი შოთა მირიანაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი საზღვარი ზუსტად ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო.
“არანაირი საზღვარი არ გადმოუწევიათ, უბრალოდ, იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იყო და ამ საზღვრებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით და საზღვრები სიმბოლურად იყო დატანილი. იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დღემე არავინ არ იზრუნა, დღემდე დაუდგენელია, სად გადის ზუსტად საზღვარი. თუ დავეყრდნობით, როგორც გეიგრაფიული, ასევე მსხვილმაშტაბიანი რუკები ჰქონდა საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბს, იმაზე დატანილი საზღვარი დღემდე ზუსტად ემთხვევა ინტერნეტში არსებულ რუკებზე საზღვარს.
ამ საზღვრის მიხედვით, მყინვარწვერის დასავლეთი და ჩრდილოეთი მხარე მთლიანად არის რუსეთის ფედერაციის საზღვრებში, ჩრდილოეთ ოსეთი ფარგლებში”.
მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიიდან მყინვარწვერეამდე ასასვლელი ორივე კლასიკური გზა გადის რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აქამდე მთამსვლელებს პრობლემა იმიტომ არ ჰქონდათ, რომ მათ რუსეთის ტერიტორიის გავლით მყინვარწვერზე ასვლას ქართველი მესაზღვრეები არ უკრძალავდნენ. ამჯერად კი ისინი ქართველმა მესაზღვრეებმა არ გაატარეს.
მირიანაშვილი ამბობს, რომ წელს ქართული ალპინიზმის იუბილეა და მასობრივად სურდათ მყინვაწვერის დალაშქვრა, ამიტომაც ნებართვისთვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მიმართეს, თუმცა მიღებული ნებართვით საგუშაგოზე არ გაატარეს, რადგან ნებართვაში მითითებული იყო, რომ ამჟამად მოქმედი კანონით, მათ საზღვართან 500 მეტრის მანძილზე მიახლოების უფლება არა აქვთ.
შოთა მირიანაშვილის განმარტებით, ამჟამად არსებობს რამდენიმე მარშრუტი გერგეთიდან მყინვარწვერამდე, რუსეთის ტერიტორიის გავლის გარეშე, თუმცა ეს მარშრუტები რთულია და მხოლოდ პროფესინალ ალპინისტებს შეუძლიათ მისით სარგებლობა:
“ეს მარშრუტი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მყინვარწვერი გახდეს მეორე მექა სამთო ტურისტებისთვის”.
ირაკლი გუჯაბიძე აბობს, რომ მთამსვლელების უმრავლესობა სწორედ იმ მარშრუტებით სარგებლობდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადის.




