
ბატონო ავთანდილ, თქვენი სამსახურის ავტომანქანა ბულვარის ტერიტორიაზე დააფიქსირეს, რატომ მოძრაობდა ბულვარის ტერიტორიაზე?
რა შუაშია მანქანა…
თქვენ არ იჯექით იმ მანქანაში?
სადა?
მანქანაში, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე შევიდა, ლიანა ისაკაძის კონცერტზე იყავით მგონი.
მე კონცერტზე ყოველდღე ვიყავი, მარა მანქანა რა შუაშია.
ბულვარში რომ შევიდა თქვენი ავტომობილი, თქვენ იყავით შიგ?
ვინ თქვა?
სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი ავტომობილის კადრები…
არ ვიცი, ვერ გეტყვით.
თქვენმა პრესსამსახურმაც გააკეთა განცხადება, ავთანდილ ბერიძის სამსახურებრივ მანქანას ყველგან შესვლის უფლება აქვსო…
მე დაგიდასტურებთ, რომ ეს მანქანა არის სპეცმანქანა, VIP-მანქანა, რომელიც აღჭურვილია ციმციმათი და აქვს თუ არა უფლება, მოიკითხეთ საპატრულო სამსახურში, მოიკითხეთ სამთავრობო დაცვაში, რადგან მე ამაში კომპეტენტური არ ვარ. ზოგადად, მე ვიცი, რომ ეს არის VIP-მანქანა, რომელიც აღჭურვილია ციმციმათი და როგორც მახსოვს, ასე წერია მოძრაობის წესებში, აქვს გარკვეული პრივილეგიები. ჩვენ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვართ ორი მაღალი რანგის პირი, რომლებსაც გვყავს დაცვა და გვემსახურება სპეციალური დაცვის სამსახური. აი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი როდესაც შედის მანქანით ბულვარში, ეს არ არის მისი გადასაწყვეტი, დაცვა წყვეტს. მანქანის შესვლის შესახებ ვერაფერს მოგახსენებ. მე ამ თემასთან კავშირი არ მაქვს.
ბულვარის დირექტორმა განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვს არც ერთ მანქანას, გარდა სახანძრო, საპატრულო მანქანებისა და იმ ტექნიკისა, რომელიც შესაძლოა რომელიმე მშენებლობაზე მუშაობდეს.
ბულვარი სხვა რამ არის, როგორც მე ვიცი და თეატრი სხვა.
საზაფხულო თეატრი ბულვარის ტერიტორიაზეა.
ბულვარის ტერიტორიაზეა, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, იქ კაფეებია და იმ კაფეებში საქონელი შეაქვთ. ამ თეატრში როცა კონცერტი იმართება, დეკორაციები ზურგით შეაქვთ, თუ მანქანით?!
მე მგონი, აქ დეკორაციებზე არ არის საუბარი. ბულვარის დაცვის პოლიციას შენიშვნა არ მიუცია, როცა თქვენი ავტომანქანა შევიდა?
მე არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვით.
თქვენი პოზიცია როგორია, საჯარო მოხელეების ავტომანქანებმა უნდა გადაკვეთონ თუ არა ბულვარის ხაზი?
კანონით რაც არის აკრძალული, არ უნდა გააკეთოს არავინ, მათ შორის არც საჯარო პირებმა. თუმცა, მძღოლი მე არ მემორჩილება, ის ემორჩილება მოძრაობის წესებს.
ფიქრობთ, რომ თქვენმა მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია?
ვერ გეტყვით. ამ მანქანას რომ არ ჰქონოდა შესვლის უფლება, დააჯარიმებდნენ.
დაინტერესდებით ამ ფაქტით?
არა, არ დავინტერესდები, იმიტომ რომ ჩემმა მძღოლმა დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები გუშინ ან გუშინწინ, მე ვერ გავარკვევ. ვის მოვკითხო? თქვენ ჩემგან მონსტრს ვერ გააკეთებთ, იგივე ავთანდილ ბერიძე ვარ, რაც ერთი წლის წინ ვიყავი.








