სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს დადგენილებითაა განსაზღვრული.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.
სახელმწიფო 1 960 000 ლარით დააფინანსებს 200 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ სკოლებში, კერძოდ:
12 სტუდენტს – მესტიის მუნიციპალიტეტში;
10 სტუდენტს – ლენტეხის მუნიციპალიტეტში;
10 სტუდენტს – ონის მუნიციპალიტეტში;
18 სტუდენტს – ქედის მუნიციპალიტეტში;
24 სტუდენტს – ხულოს მუნიციპალიტეტში;
18 სტუდენტს – შუახევის მუნიციპალიტეტში;
10 სტუდენტს – ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
10 სტუდენტს – დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში);
15 სტუდენტს – ადიგენის მუნიციპალიტეტში;
10 სტუდენტს – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში;
6 სტუდენტს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში;
13 სტუდენტს – წალკის მუნიციპალიტეტში;
16 სტუდენტს – დმანისის მუნიციპალიტეტში;
18 სტუდენტს – ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში);
10 სტუდენტს – ასპინძის მუნიციპალიტეტში.

სახელმწიფო ასევე დააფინანსებს 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტი;
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტი;
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსდება 15-15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; 50 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; 5 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები; 50 სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო); 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები; 30 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; 170 სტუდენტი, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; 50 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.
სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011 და 2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, აქედან: 300 000 ლარი გამოიყოფა 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის და 300 000 ლარი – 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას. დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
