დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის რამდენად ქმედით მოდელს ქმნის მთავრობა? სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტში EMC-ის წარმომადგენელი გურამ იმნაძე არაეფექტური მექანიზმის შექმნის საფრთხეს ხედავს.
კანონპროექტით, ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულს, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ჩაიდენენ. უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ასევე ეხება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებას.
გურამ იმნაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტის იმ სამ პრინციპზე, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროსგან განსხვავებული შეხედულება აქვთ.
უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფო ინსპექტორს პროკურორის უფლებამოსილებები?
წარმოდგენილი პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მხოლოდ გამოძების ფუნქცია ექნება. იგი საპროკურორო ზედამხედველობას ვერ განახორციელებს.
გურამ იმნაძე განმარტავს, რომ დღეს პროკურორი ძალიან ხშირად და აქტიურად ერევა გამოძიების პროცესში. ამიტომ, თუ ახლად შექმნილ ორგანოს მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია ექნება და საპროკურორო ზედამხეველობა დარჩება ისე, როგორც არის, გამოდის, რომ გამოძიება კვლავ დამოკიდებულია პროკურორზე.
გურამ იმნაძეს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, თუ რატომ იქნება პროკურორის ფუნქციების გარეშე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი არაეფექტური.
- “საქმის დაწყებისთანავე, როდესაც ქმედებას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ეძლევა, გამომძიებელს შეუძლია, ქმედება დააკვალიფიციროს, როგორც, მაგალითად, არასათანადო მოპყრობა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად შეუძლია შეცვალოს პროკურორს არსებითი დასაბუთების გარეშე. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე ქმედება იქნება ჩადენილი და ინსპექტორი თვლის, რომ ეს უნდა გამოიძიოს მან და პროკურატურა არ ეთანხმება ამას, ძალიან დიდი შანსია, რომ სხვა ორგანომ დაიწყოს მისი გამოძიება”;
- “გამოძების პროცესში, ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება ტარდება არა გამომძიებლის ინიციატივით, არამედ პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ჩხრეკა-ამოღების თაობაზე გამომძიებელს უფლებაც კი არ აქვს, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, ამას აკეთებს პროკურორი. იგივე არის ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე, კომპიუტერული მონაცემების ამოღებაზე და ა.შ, ყველა ძალიან მნიშვნელოან საგამოძიებო მოქმედებას დღეს თუ ასრულებს გამომძიებელი, ასრულებს მხოლოდ პროკურორის მითითებით”;
- “როცა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იძიებს საქმეს პროკურატურის მუშაკის წინააღმდეგ და ამავე დროს, პროკურატურის მუშაკსვე ექნება დევნის განხორციელების უფლებამოსილება, როგორ იქნება დაცული ამ ინტერესთა კონფლიქტის აცილება?”
- “პროკურატურა არის ის სამსახური, რომელიც სხვა საგამოძიებო უწყებებთან ერთად ებრძვის დანაშაულს და ამ საერთო ბრძოლაში კარგი, აქტიური თანამშრომლობა უყალიბდებათ შსს-ს თუ სხვა უწყებების გამომძიებლებთან. ამიტომ, პროკურატურას გარკვეული უხერხულობა მაინც შეიძლება ჰქონდეს დევნის განხორციელებისას და ეს უხერხულობა რომ არ არსებობდეს, ამიტომაც ვითხოვდით, რომ დევნა ყოფილიყო ამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელთ”;
- “პროკურატურა დღეს თვითონვე იძიებს მსგავსი ტიპის დანაშაულებს და საკმარისი პოლიტიკური თუ სამართლებრივი ნება რომ ჰქონოდა ამ დანაშაულების ეფექტურად გამოსაძიებლად, აქამდეც გამოიძიებდა და აქამდეც ვიხილავდით სამართალდამცავებს, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მათთვის პასუხისმგებლობის წაყენებას. ეს არ ხდება და ამიტომაც გვინდა, რომ როდესაც შეიქმნება ეს სამსახური, მისი ეფექტურობა არ იყოს დამოკიდებული პროკურატურის და პროკურირების ნებასა და გადაწყვეტილებაზე”.
წინააღმდეგობა პერსონალური მონაცემენის დამუშავებისა და საგამოძიებო ფუნქციებს შორის
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება, ის გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
გურამ იმნაძის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უკვე აქვს დიდი ფუნქცია – გამოასწოროს და დახვეწოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები. იგი ამბობს, რომ როდესაც ამ სამსახურს დამატებით საგამოძიებო ფუნქციას ანუჭებენ, ეს ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლის ფუნქციას.
“ერთი ხელით ინსპექტორი ამოწმებს ინფორმაციის მოპოვების კანონიერებას და მეორე ხელით ინსპექტორს ენიჭება საგამოძებო ფუნქცია, რაც გულისხმობს, რომ ინსპექტორს აქვს ინტერესი, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიპოვოს და დაამუშაოს. მინიმუმ უხერხულობა არის ამ ორ ფუნქციას შორის – ერთი მხრივ, ინფორმაციის დამუშავების კანონიერებას და მეორე მხრივ, გამოძიების წარმოებას შორის, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ რაიმე არსებითი დასაბუთება, მაინცდამაინც, ინსპექტორზე რატომ არის არჩევნი,”- განაცხადა გურამ იმნაძემ.
უნდა გაფართოვდეს გამოსაძიებელ დანაშაულთა წრე?
ინსპექტორის სამსახური წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულს ჩაიდენს, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ჩაიდენენ. გურამ იმნაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს ყველა ასეთი დანაშაული ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმების შემოტანის გარეშე.
“წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, შეიძლება, იშვიათ შემთხვევებში აქვს ადგილი, მაგრამ ის იმდენად მწვავედ აღარ დგას, საბედნიეროდ, როგორც წლების წინ იყო. დღეს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, პოლიციის მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, როგორიც არის, მაგალითად, ნარკოტიკების ჩადება, ჩვენების იძულება და მსგავსი ტიპის დანაშაულები… ვფიქრობთ, დღეს არსებული გამოწვევებისთვის რომ ადეკვატური იყოს ეს სამსახური, დანაშაულთა წრეც უნდა გაფართოვდეს, რომელზეც ეს სამსახური იქნება უფლებამოსილი, რომ გამოიძიოს,”- განაცხადა გურამ იმნაძემ
მისივე თქმით, დამატებითი კრიტერიუმები, ხელოვნური ბარიერები რომ არ გაჩნდეს და საქმე პირდაპირ მიეკუთვნებოდეს ამ სამსახურის კომპეტენციას, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციელის მიერ არის რაღაც დანაშაული ჩადენილი.