ახალი ამბები

ივანიშვილი: მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

2 სექტემბერი, 2013 • 1220
ივანიშვილი: მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

“ჩვენი ისტორიის განმავლობაში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა და ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან.


მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობასა და უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

პრემიერის თქმით, თუ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის პროცესში ან აქციის მონაწილეთა მიმართ დაირღვა კანონი ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ეს იქნება შესწავლილი და მოჰყვება სათანადო რეაგირება:


“ოღონდ ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კანონმა და სასამართლომ აღადგინოს კანონიერება. როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება, ხლისუფლებას მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა. ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანისთვის ქვეყანაში რელიგიათაშორის თანხმობას და მშვიდობას ალტერანტივა არა აქვს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი  26 აგვისტოს განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ. მინარეთის დემონტაჟს მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, ასევე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის ცემის ფაქტს სამართალდამცავების მხრიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი