ახალი ამბები

გოგელიას თქმით, ბორდის ყოფილი წევრი ზედმეტ ჰონორარს შეცდომით იღებდა

1 თებერვალი, 2018 • 5775
გოგელიას თქმით, ბორდის ყოფილი წევრი ზედმეტ ჰონორარს შეცდომით იღებდა

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას  შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ “ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა,  საბჭოს ყოფილი წევრის მიერ ჰონორარის მიღება ბუღალტრული შეცდომაა.

“ეს არის ბუღალტრული შეცდომა, როდესაც ბორდის წევრები შეიცვალნენ, როტაციის დროს, სიიდან ამ ადამიანის მონაცემების ამოღება არ მოხდა, შესაბამისად, მას ჰონორარი ერიცხებოდა.  იმ დროისთვის საზოგადოებრივ საბჭოებთან დებულების შემუშავების პროცესი გვქონდა დაწყებული, ეს ადამიანი კი ამ თემებზე მუშაობდა. იმის შემდეგ, რაც მას ეს თანხა დაერიცხა, იფიქრა, რომ ეს პროექტი დაიწყო და ანგარიშიც მოამზადა. სამართლებრივად, ხელშეკრულება ამ ადამიანთან არ გაგვიფორმებია და უბრალოდ ტრაგიკული შეცდომა და დამთხვევა მოხდა. სურვილი კონტრაქტად იყო აღქმული და ბუღალტერიის მიერ დაშვებული შეცდომა – კონტრაქტის დასაწყისად” – განაცხადა გოგელიამ.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ბუღალტერიის შეცდომაზე და ჯერჯერობით გადაწყვეტილება შემდგომ ნაბიჯებზე უნდა მიიღოს კომპანიის მენეჯმენტნმა. როგორც გოგელია განმარტავს, შეცდომა ბუღალტერიამ თავად აღმოაჩინა, თუმცა,  “ნეტგაზეთის” კითხვაზე, კონტკრეტულად როდის აღმოაჩინა ბუღალტერიამ ხარვეზი,  საბჭოს თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს.

ეს არის ბუღალტერიის შეცდომა,  ჩვენი ბიუჯეტი არის 40 მილიონზე მეტი, მილიონი ტრანზიცია ტარდება, ხდება ხოლმე, ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომაა. ბუღალტერიამ შეცდომა თვითონ აღმოაჩინა და დაიწყო შესაბამისი  პროცესი”, – ამბობს გრიგოლ გოგელია. 

ის ბორდის ზემოხსენებული წევრის ვინაობას არ ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი