ახალი ამბები

პირველი შესაძლო მედიკამენტი აუტიზმისთვის

31 იანვარი, 2018 •
პირველი შესაძლო მედიკამენტი აუტიზმისთვის

შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “ჰოფმან ლა როშემ” განაცხადა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მათ მიერ შექმნილ წამალს, ბალოვაპტანს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის  შეიქმნა, “გამრღვევი თერაპიული მიგნების” სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულია, მან სხვა ეტაპებიც უნდა გაიაროს.

კომპანიის მიხედვით, ბალოვაპტანმა შესაძლოა სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის უნარები გააუმჯობესოს ადამიანებში, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ. პრეპარატზე “როშეს” კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდნენ, რომლიც შვეიცარიაში მდებარეობს. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლისთვის იგეგმება წამლის გაყიდვა.

აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის არ არსებობს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მედიკამენტი. აუტიზმის სპექტრის აშლილობებისთვის დამახასიათებელია კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები. “როშეს” განაცხადებით, “ბალოვაპტანმა” აჩვენა, რომ შესაძლებელია გააუმჯობესოს კომუნიკაციის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

“ჩვენ ველით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციასთან და რაც შეიძლება მალე მივიტანთ მედიკამენტს იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდება”, – ამბობს კომპანიის მთავარი წარმომადგენელი სამედიცინო საკითხებში სანდრა ჰორნინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი