
აქციაზე მისვლის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარემ დაასახელა ის, რომ აქცია “თავის ტერიტორიაზე” იმართება და აქციაზე წესრიგის დასაცავად მივიდა.
“ეს ახალციხეში ხდება, ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა, მე ვალდებული ვარ ვიყო აქ. წესრიგის დაცვა არის, რამე არის… პოლიცია კი დაიცავს, მაგრამ მუნციპალიტეტია და მე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, ჩემს ტერიტორიაზე ხდება ასეთი მანიფესტაცია და ჩავთვალე საჭიროდ და მევალება კიდეც, რომ ვიყო იქ, სადაც ხალხია.
სანდროშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გაზეთში “სამხრეთის კარიბჭე” გამოქვეყნებული მისი ციტატა მხოლოდ მის პიროვნულ დამოკიდებულებას გამოხატავს, ხოლო როგორც საჯარო მოხელე, იგი მხოლოდ კანონის მიხედვით მოქმედებს. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ მივიდა ასევე, 27 და 28 აგვისტოს, მუსლიმების გამართულ აქციაზე, რომელიც ქალაქ ახალციხეში შედგა, გვიპასუხა:
“ის აქციები, მართალია, ჩვენს ტერიტორიაზე იყო, მაგრამ ის სხვა მოსახლეობა იყო და იმათ სხვა მოთხოვნები ჰქონდათ. აქ არიან უშუალოდ ახალციხის მაცხოვრებლები გამოსული. ამიტომ მე ვალდებული ვარ გამოვიდე და ვიდგე აქ,”- განაცხადა სამროშვილმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რომ 27 და 28 აგვისტოს გამართულ აქციაზე ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაც შესაძლოა ყოფილიყვნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ სათითაოდ ვერ დაითვლიდა, ვინ იყო მისული ახალციხის მუნიციპალიტეტდან. მისი თქმით, იგი აქციაზე არ აქტიურობს; “მე, უბრალოდ, ვაქცევ ყურადღებას, რომ არ ჰქონდეს რაიმე ისეთი…. მაქსიმალურად კანონის ფარგლებში რომ იყოს ჩამჯდარი,”- განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, საკრებულოს თავმჯდომარეს მიაჩნდა თუ არა, რომ მართლმადიდებლების აქციის მოთხოვნა კანონიერია? მისი თქმით, იგი იურისტი არ არის და არ იცის.
სანდროშვილი ახალციხის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ის საკრებულოს თავმჯდომარე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, როცა სამცხე- ჯავახეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში [საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად] ნაციონალური მოძრაობის წევრები წართული ოცნების წარმოამდგენლებმა ჩაანაცვლეს. ქართული ოცნების წარმოამდგენელია გამგებელი ბესიკ ბლიაძეც, რომელიც ასევე მივიდა აქციაზე.
მართლმადიდებლების გამართულ აქციაზე ადიგენის მაჟორიტარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილიც მივიდა.
ახალციხის სამხარეო სამმართველოსთან მართლმადიდებელი მოსახლეობა აქციას მართავს, ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.




