მელორ ვაჩნაძე სასამართლოზე აცხადებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა და ამასთან დაკავშირებით აქვს ცნობა, რითაც დასტურდება, რომ კეფის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული, მაგრამ სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული ცნობა არ იდო, თუმცა, ეს ცნობა საქმეში რომც ყოფილიყო, არსებითად არაფერს შეცვლიდა, რადგან სასამართლო განიხილავდა საკითხს, ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევას, ხოლო თუ მელორ ვაჩნაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მას შეუძლია ამასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანოს.

გარდა ამისა მელორ ვაჩნაძე აცხადებდა, რომ გაყალბებული იყო მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. ამის არგუმენტად მან განაცხადა, რომ დაკავების ოქმის მიხედვით, ის 22:20 საათზე დააკავეს, დაკითხეს 23:20 საათზე და ამ დროის განამვლობაში დაიკითხა ასევე 14 მოწმე, ანუ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მელორ ვაჩნაძე დაკითხეს, ოქმი შეადგინეს, ხელი მოაწერინეს, გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, შეამოწმეს სიმთვრალეზე და ნარკოტიკზე და, ამავდროულად, ერთმა პირმა დაკითხა 14 მოწმე. ვაჩნაძე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი იყო ყალბი, ამიტომ სასამართლოს ეს ოქმები არ უნდა გაეზიარებინა და უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვა.
მელორ ვაჩნაძე ბათუმში, “პიაცაზე”, 27 აგვისტოს საღამოს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებთან კონფლიქტის გამო დააკავეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძის ქმედება ხელისუფლების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ამისთვის მას ჰონორარიც გადაუხადეს.
