ლევან ჩიტაძის განცხადებით, მელორ ვაჩნაძე ბათუმში, “პიაცაზე”, 27 აგვისტოს, საღამოს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებთან კონფლიქტის გამო დააკავეს. ჩიტაძის თქმით, ვაჩნაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მას “პიაცას” დატოვება მოსთხოვეს. ჩიტაძის თქმით, ვაჩნაძის საცოლე “აიპადით” ინციდენტს იღებდა, რომელიც პრეზიდენტის დაცვის წევრებმა წაართვეს. 

 

ლევან ჩიტაძის თქმით, მათ “აიპადის” დაბრუნება სურთ, რათა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინონ. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არაოფიციალურად შეატყობინეს, რომ “აიპადს” შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემენ, რის შემდეგაც პატრონს დაუბრუნდება. 

 

“მიხეილ საკაშვილის დაცვამ მოსთხოვა მელორ ვაჩნაძეს დაეტოვებინა “პიაცა”, რაც გააპროტესტა მელორმა. სრული უფლება ჰქონდა, რომ მჯდარიყო, რადგან არანაირ წესრიგს იქ არ არღვევდა. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ იქ დაიძაბა სიტუაცია. იმიტომ, რომ ვერ განუმარტეს კანონის რომელი მუხლის საფუძველზე სთხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას,-” განაცხადა ჩიტაძემ. 

 

ჩიტაძის თქმით, “პიაცას” დატოვება მხოლოდ მელორ ვაჩნაძეს მოსთხოვეს, რადგან სხვა ადამიანებთან პრეზიდენტი სურათებს იღებდა და უპრობლემოდ ეკონტაქტებოდა.

“როცა შელაპარაკება გადაიზარდა ინციდენტში, მაშინ ვაჩნაძე დარწმუნდა, რომ პრეზიდენტის დავალებით იყო დაცვის წევრები მისული მასთან. მას უნდოდა პრეზიდენტისგან პასუხების გაცემა, თუ რა უნდოდა და რას უშავებდა ის, მაშინ, როცა არ მიკარებია პერიმეტრზეც კი,-” ამბობს ლევან ჩიტაძე. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მელორ ვაჩნაძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაჩნაძის საცოლის “აიპედი” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შსს-ს უნდა გადასცეს. 

 

შსს-ს ცნობით, მელორ ვაჩნაძე ბათუმში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, ხოლო სასამართლო დღეს უნდა ჩაინიშნოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ მოთხოვნა სასამართლოს ჩანიშვნის შესახებ უკვე შევიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცაში აცხადებენ, რომ ადმინიტრაცია ამ თემაზე დღეს მოკლე განცხადებას გაავრცელებს. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *