ახალი ამბები

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

28 აგვისტო, 2013 • 1143
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არიან მსჯავრდებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაავადებები აღენიშნებოდათ.

 

“მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – 3/4”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით. მსჯავრდებულთა გათავისუფლებამდე მათი მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც შეფასდა. მსჯავრდებულთა შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, მათ უშუალოდაც გაესაუბრნენ. იმ მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომელთა შუამდგომლობები მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა, პარლამენტის ადამიანი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაესაუბრა.

 

პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა იყო შესული, ხოლო დასავლეთის და აღმოსავლეთის ადგილობრივმა საბჭოებმა 850 შუამდგომლობა განიხილეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 აგვისტომდე სულ გათავისუფლდა 1967 მსჯავრდებული. მათ შორის 1687 სრულწლოვანი მამაკაცი, 249 სრულწლოვანი ქალი, 30 არასწრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალბატონი. 

 

2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით კი, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გათავისუფლდა 841 მსჯავრდებული, აქედან 790 სრულწლოვანი მამაკაცი, 39 სრულწლოვანი ქალბატონი, 11 არასრულწლოვანი კაცი და 1 არასრულწლოვანი ქალბატონი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი