ახალი ამბები

ტენდერში დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ახმეტელის მეტრო “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

30 იანვარი, 2018 • 5497
ტენდერში დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ახმეტელის მეტრო “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

“ყვარელრემმშენმა” დისკვალიფიკაცია გაიარა “ახმეტელის მეტროსადგურის” გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა მაინც ამ კომპანიამ განაახლა მეტროსადგური.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის მიხედვით, ახმეტელის გასაახლებლად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “დამბამ” გაიმარჯვა. “დამბასთან” ერთად ტენდერში “ყვარელრემმშენიც” მონაწილეობდა.

ტენდერში “ყვარელრემმშენი” კონკურენტ “დამბასთან” შედარებით 75 487 ლარით ნაკლებს სთავაზობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო “ყვარელრემმშენმა” დისკვალიფიკაცია გაირა და კონკურსს გამოეთიშა. 

გამარჯვებულმა კომპანია “დამბამ” სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულება გააფორმა დაწუნებულ “ყვარელრემმშენთან”.

“ყვარელრემმშენი” ვალდებული იყო, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიღება–ჩაბარების აქტი გაეფორმებინა, რასაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც აწერდა ხელს.

ხელშეკრულების მიხედვით, “ყვარელრემმშენმა” პასუხისმგებლობა აიღო, რომ თავისი მასალებით, მუშახელითა და ხელსაწყო–იარაღებით შეასრულებდა რეაბილიტაციის სამუშაოები. “ყვარელრემმშენმა’ ვალდებულებად იკისრა, რომ მომსახურების ღირებულება, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 6% გადაეხადა “დამბასთვის”. ეს თანხა 31 392 ლარს აღწევს.

მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” რეაბილიტაცია ვარკეთილის პარალელურად მიმდინარეობდა. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წელს დადო. ხელშეკრულების ღირებულება 523 214 ლარია.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურში მომხდარის პარალელურად მერია შეამოწმებს მეტრო ახმეტელს.

განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. მეტროსადგური 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა.

“დამბის დირექტორი და მფლობელი გიორგი ჯაბიძეა, რომელიც ქართული ოცნების შემწირველია. მან “ქართულ ოცნებას” 2016 წელს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წელი იყო, 55 000 ლარი შესწირა.

დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოვარდა რის, გამოც ამ 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობს.

შენიშვნა: ტენდერის შედეგზე დაყრდნობით, მედიასაშუალებების ნაწილმა, მათ შორის “ნეტგაზეთმაც”, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურები სხვადასხვა კომპანიამ გაარემონტა. ნეტგაზეთმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ორივე მეტროსადგური ერთმა და იმავე კომპანიამ გაარემონტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი